შსს: სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე
სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე
ფოტო: IMEDI
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ პარლამენტის წინ გაიმართა აქცია. თავდაპირველად აღნიშნული აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმით შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. შესაბამისად, აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი.
პარლამენტის შენობაში შეჭრის თავიდან აცილების, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის, აქციის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების, პოლიციელებზე თავდასხმის მოგერიების და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები - ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი.
ამასთან, აღნიშნული საშუალებები გამოიყენეს თანმიმდევრულად, მომდინარე საფრთხეების პროპორციულად. სამართალდამცავებმა, ძალადობრივი წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. მას შემდეგ, რაც აღნიშნული საშუალებით წინააღმდეგობის დაძლევა და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღკვეთა გახდა შეუძლებელი, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სხვა სპეციალური საშუალებები - არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი.
აქციის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს, როგორც აქციის მონაწილეებმა, ისე სამართალდამცავებმა. განადგურდა საპოლიციო ტექნიკაც. მიუხედავად გამოყენებული საშუალებებისა, აქციის მონაწილეთა აგრესიული ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდა სამართალდარღვევას. მათ გამთენიისას გაანადგურეს პოლიციის და მოქალაქეთა ავტომანქანები და დაარბიეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კერძო საკუთრების ობიექტები.
სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიება შეისწავლის თითოეულ ძალადობრივ ინციდენტს. ასევე, სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებით და აქტიური მონაწილეობით მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა. ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ ადგილი ჰქონდა რაიმე კონკრეტულ ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ყველაფერს შეისწავლის," - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი.





