მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს
სამართალი

ფოტო: IMEDI
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ერთდროულად ორი აქცია იმართება, 8 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ სულ 8 პირი დააკავა. ყველა დაკავებული გადაყვანილი არის პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები."- აცხადებენ შსს-ში.
თავდაპირველად, იქ პროტესტის გამოხატვა, ლგბტ თემის წარმომადგელებმა და მათმა უფლებადაცველებმა დაგეგმეს. ამით ისინი საპატრიარქოს განცხადების გაპროტესტებას აპირებდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლა კი, მათ ქართული მარშის და სამღვდელოების წარმომადგენლებმა დაასწრეს, რომლებიც ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ლგბტ თემის წევრების შეკრებას.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფს.
საპატრიარქომ დღეს მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება, რომელიც თბილისში 18-23 ივნისს არის დაგეგმილი. „თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით დასრულდება.





