გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 1.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
რეგიონი

ფოტო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დამშრობი სისტემების გამართული ფუნქციონირების მიზნით, 2026-2027 წლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხზე, უკვე დასრულდა ხიდის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 547 887 ლარი შეადგინა.
ამავე არხზე დაგეგმილია საავტომობილო ხიდის მოწყობა. პროექტის ღირებულება 507 092 ლარია, სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება.
მიმდინარე წელს კიდევ ერთი კაპიტალური პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერეკძელა-კაპროვანის (შეკვეთილის) მასივის დამშრობ სისტემაზე. პროექტის ღირებულება 485 884 ლარს შეადგენს.
კაპიტალურ პროექტებთან ერთად, 2026 წელს გურიის რეგიონში საექსპლუატაციო ღონისძიებებიც მიმდინარეობს. იწმინდება კოლექტორული და შემკრები არხები, წესრიგდება და ახლით იცვლება ჰიდროტექნიკური ნაგებობები და სხვა ინფრასტრუქტურული ერთეულები.
განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები გააუმჯობესებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს დამშრობი სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც ტერიტორიების დატბორვის რისკებს შეამცირებს.




