ვახტანგ ბერიძემ ზამთრის პერიოდში სოფლებში მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მოისმინა
რეგიონი

ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თათბირის ფარგლებში ვახტანგ ბერიძემ მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ზამთარში მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და მოსახლეობის საჭიროებებზე. მერმა თანამშრომლებს დაავალა მოქალაქეებთან მაქსიმალური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში დროული დახმარების გაწევა.
თათბირზე ასევე განიხილეს, მიმდინარე წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის მიმართულებით 16 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 18 მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება, რისთვისაც 5 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები და მათი განხორციელების საკითხები.
თათბირს ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე და მერის მოადგილე ნური გორგაძე.





