თელავის მუნიციპალიტეტში 700 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
რეგიონი

ფოტო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
თელავის მუნიციპალიტეტში ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 700 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინანდლის, ბუშეტისა და ქვემო ხოდაშენის ტერიტორიაზე არხის მონაკვეთები, რომელთა საერთო სიგრძე 2 500 მეტრია, ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან იწმინდება. საირიგაციო სისტემის გამართული მუშაობა ფერმერებს სარწყავი წყლით შეუფერხებლად სარგებლობისა და სავარგულების დროულად მორწყვის საშუალებას მისცემს.
სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მუშაობს.





