მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
რეგიონი

ფოტო: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო სახის შეხვედრა თიანეთის მუნიციპალიტეტში გამართეს. საუბრის მთავარი თემა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის უსაფრთხოებასა და ვაქცინაციის წამახალისებელ პროგრამებს შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200-ლარიან დანამატს, „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში კი - 100 ლარიან დანამატს მიიღებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოქალაქეთა ნაწილმა ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო და თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ამცრელ დაწესებულებებში იმუნიზაცია „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით ჩაიტარა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აცრა სოფლებში სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაიკეთონ. აღნიშნული პროექტით აქტიურად სარგებლობს მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობა. რეგიონში ამ ეტაპზე მასობრივი იმუნიზაციის 5 ცენტრი და სოფლის 22 ამცრელი ამბულატორია ფუნქციონირებს.





