დარეჯან ჩხიკვაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარი თქვეს
რეგიონი

ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მანდატებზე უარი თქვეს. პარტიული სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული 7-დან 6-მა დეპუტატმა უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება დღეს შეიტანა.
აჭარის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა მიიღო.
„ეს არის ერთპარტიული უმაღლესი საბჭო. რაც არ უნდა აპელირებდნენ იმით, რომ ჩავლეიშვილი შევიდა უმაღლეს საბჭოში, ისინი მაინც ერთპარტიულ რეჟიმში რჩებიან, დამისახელონ, აბა, რომელ პარტიაშია ჩავლეიშვილი. ის არის ოცნების ჩვეულებრივი მე-15 დეპუტატი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ ვადამდელ არჩევნებზე ბრძოლას გააგრძელებენ.
„არ ვაპირებთ იმ უმაღლეს საბჭოში შესვლას, სადაც მოპარული ხმებით ბიძინას მონები სხედან. ბრძოლას გავაგრძელებთ ქუჩაში, პროტესტი რომელიც 48 დღის წინ დაიწყო და გამარჯვებამდე მივა. საქართველოში დასრულდება საბჭოთა იმპერიის შემოყვანის მცდელობა. ჩვენ გავაძლიერებთ ქართველი ხალხის ყოფას და დავძლევთ პანდემიასა და სიღარიბეს. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ეს სიღარიბე კიდევ უფრო გამძაფრდება“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.





