დავით სერგეენკო: ბოლო დღე-ღამეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება შემცირდა
პოლიტიკა

დავით სერგეენკო
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ გრიპის ვირუსის სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმს მიმართონ. ამის შესახებ მან კონფერენციაზე განაცხადა.
დავით სერგეენკოს განცხადებით, გაციების სიმპტომები იწყება სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში და ამ დროს პაციენტმა ექიმს სწრაფად უნდა მიმართოს. დავით სერგეენკოს თქმით, საავადმყოფოში გადაყვანილი მოქალაქეების რაოდენობა 616-დან 845-მდე გაიზარდა, თუმცა მინისტრი დასძენს, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება 200-ით შემცირდა.
რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, მინისტრი ამბობს, რომ აქ მიმართვიანობა გაზრდილია, სერგეენკოს თქმით, თუ იყო "420, დღეს არის 602. ეს ირიბად რომ ვთქვათ, კარგია, რადგან პაციენტები დროულად მიმართავენ ექიმს".
"2009 წელს, როდესაც ავადობის პიკი იყო 100 ათასს მოსახლეზე, დღევანდელი მდგომარეობით გვაქვს 256, 2009 წელს ეს იყო 1 550, 2010 წელს თითქმის 2 000; 2011-2012 წლებში იყო 490; 2012-2013 წლებში – 384; 2013-2014 წლებში იყო 480; 2015-2016 წლებში 257; 2016-2017 წლებში – 400; 2017-2018 წელს – 196 და დღეს გვაქვს 256. ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ რაც ახლა ხდება, არ არის უნიკალური, რაც აქამდე არ მომხდარა, თუმცა თითოეული ადამიანის გარდაცვალება, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გრიპის ვირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა იანვრის ბოლოს ან თებერვალში გაიზარდოს. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„გრიპი ევროპაში იწყება წლის მეორმოცე კვირიდან. ანუ თანდათან იმატებს და როგორც წესი, მთავრდება მომავალი წლის მე-20 კვირას. მრავალწლიანი დაკვირვების მაჩვენებელი არის დაახლოებით ასეთი: როგორც წესი, მე-40 კვირიდან მომავალი წლის მე-20 კვირამდე არის გარკვეული პიკური სეზონი, რაც შეიძლება გაგრძელდეს 2-3 კვირა, ან შეიძლება 5 კვირაც. შეიძლება იყოს ერთი ტალღა, შეიძლება ორი ტალღა. ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი დაკვირვების მაჩვენებლები, როდესაც დღევანდელი მაჩვენებლის დაახლოებით ხუთჯერადი ზრდა გვქონდა - 2009, 2010, 2011, 2012 წლების სეზონზე, როცა წელიწადში ორი პიკი იყო, ამიტომ ამ ხნის განმავლობაში მზაობა ყოველთვის არის.
ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ დაკვირვებას ქვეყანაში რომელი ვირუსები ცირკულირებს. მე-40 კვირიდან დაწყებული ვირუსი არ ყოფილა შარშან. ვირუსი გამოჩნდა 45-ე-46-ე კვირას, მერე თანდათანობით მან მოიმატა და დეკემბრის ბოლო სამი კვირა გვქონდა სერიოზული ზრდა, როდესაც ავედით პიკზე 277-ზე 100 000 მოსახლეზე. შემდეგ იანვრის პირველი კვირას უკვე ოდნავ, 21 ერთეულით შემცირებისკენ წამოვიდა. ამ კვირის მაჩვენებლები გამოქვეყნდება ორშაბათს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ავადობის მაჩვენებლის სტაბილიზირება მიდის. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ გვქონდეს მეორე პიკი, ზრდა იანვრის ბოლოს ან თებერვალში. განსაკუთრებით ეს შეიძლება იყოს თებერვალში. სხვადასხვა წლებში პიკი ზოგჯერ დეკემბერში,ზოგჯერ იანვარში, ზოგჯერ თებერვალსა და მარტშიც ყოფილა. აქედან გამომდინარე, მზადყოფნა ამ მომავალი სამი თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, უნდა იყოს და არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, რომ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად ანტივირუსული პრეპარატის "ტამიფლუს" ფასი დაწიონ. საქართველოს მასშტაბით ანტივირუსული პრეპარატის "ტალიმფუს" მარაგები აფთიაქებში 11 იანვრიდან შეივსება.
ბოლო ინფორმაციით, დადასტურებულად საქართველოში H1N1 ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.





