სერგეენკო აფთიაქებს „ტამიფლუზე“ ფასის დაწევისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა

დავით სერგეენკო
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაკოლოგიურ კომპანიებს მოუწოდებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად ანტივირუსული პრეპარატის "ტამიფლუს" ფასი დაწიონ. მინისტრი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კომპანიებს ამის საშუალება აქვთ:
"მე არ მაქვს შესყიდვის ფასის გაჟღერების უფლება, თუმცა მექნება ასეთი, თუ შეიძლება მიმართვა, ფარმაკოლოგიური კომპანიებისადმი, რომლებიც დისტრიბუციას აკეთებენ ამ პრეპარატებისას: განიხილონ შესაძლებლობა გაზრდილი ავადობის პერიოდში და გამოიჩინონ სოციალური, კორპორატიული პასუხისმგებლობის მზაობა და შეძლებისდაგვარად დაწიონ ფასები ამ კონკრეტულ პრეპარატზე, ჩემი შეხედულებით ამისი რეზერვი და რესურსი მათ აქვთ",- განაცხადა დავით სერგეენკომ.
დღეს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.
"გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ - მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას.
„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ და მისი წევრები გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ, გრიპისა და გაციების სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს", - წერია კომპანიების ასოციაციების განცხადება.
საქართველოს მასშტაბით ანტივირუსული პრეპარატის "ტალიმფუს" მარაგები აფთიაქებში 11 იანვრიდან შეივსება. როგორც imedinews-ს ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, დღეისთვის აფთიაქებს პრეპარატის საკმარისი მარაგები აქვთ, დამატებით მათ მიერ შეკვეთილი 3000 კოლოფი კი ქსელში დღეს საღამოს შევა და ხვალიდან გაიყიდება.





