სალომე ზურაბიშვილი: მუქარა ლაჩრების ქცევაა
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: Facebook
"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მუქარის ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან მისი მისამართით გაკეთებულ მუქარაზე გააკეთა განცხადება. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ადამიანები, ვინც მასა და მის ოჯახს დაემუქრნენ, ჯარისკაცის ღირსებას შეურაცხყოფენ. ზურაბიშვილის თქმით, მის მიმართ მუქარაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს და ეს კამპანია საზღვარგარეთ მყოფი პირისგან იმართება.
"იგივე ფაქტები გავაცანი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რაზეც დღეს დილით განვაცხადე. ჩვენ ისიც ავუხსენით მათ, რომ მზად ვართ მტკიცებულებები გადავცეთ, რაც გაგვაჩნია, ის "სქრინშოტები", რაც ადასტურებს ჩვენს მიერ გავრცელებულ ფაქტებს. ჩვენ ვერ დავასახელებთ სახელებს და გვარებს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.
იყო არასამთავრობოებიდან საუბარი იმაზე, რომ ადრეც ჰქონდათ რეაქციები იმ სიძულვილის ენაზე და იმ ფაქტებზე, თუნდაც ჩემი დემონსტრაციების და მიტინგების დარბევაზე, მაგრამ ეს ყველაფერი რჩებოდა არა იმ დონეზე, რაც არის დღეს მიღწეული. ჩვენ გადავედით ერთი ნაბიჯით წინ, რაც შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის მომცველი და ძალიან მიუღებელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
ასევე, ჩვენ გამოვთქვით სურვილი, რომ ურთიერთობა გვქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მისიებთან. ეს ყველასთვის საჭიროა, რომ უფრო მშვიდ მდგომარეობაში და გარემოში მივიდეთ არჩევნებამდე. რაც შეეხება მუქარას, მე არ ვემუქრები არც ერთ ჯარისკაცს და პირიქით, ამ დილითაც გამოვთქვი ის პატივისცემა, რაც მე მაქვს და გამაჩნია ჯარის და სამხედრო ძალების მიმართ. ეს ადამიანები შეურაცხყოფენ ამ ღირსებას, რაც არის ჩემი სამხედრო ძალების ღირსება, როცა მანიპულირებენ, მუქარით გამოდიან, ეს არ არის ჯარისკაცის ქცევა, ეს არის ლაჩრების ქცევა. თუ ვიღაცას არ სჯერა, მტკიცებულებები გადაცემულია და მე კომენტარს არ გავაკეთებ. გამოძიება მიმდინარეობს და ყველა ფაქტი დადგინდება",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღესვე, სალომე ზურაბიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ თქვა, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ზურაბიშვილს ემუქრება უკრაინაში იბრძვის.
"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 9, 10 და 11 ნოემბერს მას და მის შვილებს შეტყობინებები გაუგზავნეს, სადაც ნათლად იყო გამოხატული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. „შუბლს გაგიხვრიტავ, თქვენს სისხლს დავლევ“, - ზურაბიშვილმა მუქარის შემცველი სიტყვების ციტირება გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ მუქარას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" გამოეხმაურა.





