გიორგი ხუხია
გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებზე რეკომენდაციები მთავრობამ გაიზიარა
პოლიტიკა

ფოტო: პარლამენტის ვებგვერდი
გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებთან დაკავშირებული პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობამ გაიზიარა. კერძოდ, მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, განათლების სამინისტროს სახელწოდებაში მეცნიერება კვლავ იქნება.
"კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა, სესიაზე იყო გამოთქმული დასათაურებასთან დაკავშირებით განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სათაურში მეცნიერება დამატებოდა. მთავრობის პოზიცია არის, რომ დავეთანხმოთ ამ შემოთავაზებას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასათაურებით იქნება წარმოდგენილი ახალი სამინისტროს სახელი. და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაცვლად იქნება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო", - განაცხადა ნათია მიქელაძემ.
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, დღეს განახლდება. ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ უჭერს, რადგან მიაჩნია, რომ ის პერსონებზეა მორგებული და არა კონკრეტულ შედეგზე.
4 ივლისს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით უყარა კენჭი და მხარი 84 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
კენჭისყრამდე პარლამენტში რამდენიმე სამინისტროს დასახელების შეცვლამ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. საუბარია განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს დასახელებებზე.
3 ივლისს მცირე მთავრობის კონცეფციის საკომიტეტო განიხლვები პირველი მოსმენით დასრულდა.2 ივლისს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტმა მთავრობის მოთხოვნა გაიზიარა და სტრუქტურული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას დათანხმდა.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.





