სოფიკო ბერიძე
მთავრობა განათლების სამინისტროს ახალ სახელწოდებაზე პარლამენტის კომიტეტის შენიშვნას არ ეთანხმება
პოლიტიკა

განათლების სამინისტრო
ფოტო: არქივი
მთავრობა განათლების კომიტეტის შენიშვნას არ იზიარებს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ კანონპროექტში წარმოდგენილ დასათაურებას არ შეცვლის.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქალაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, მთავრობას მიაჩნია რომ დასათაურება პრიორიტეტებს არ განსაზღვრავს.
"გაცხადებული იყო რომ ყველა დარგი პრიორიტეტულია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ის დასათაურება, რაც არის წარმოგენილი, უნდა დარჩეს ამ სახით", - განაცხადა მიქელაძემ.
სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, ახალი დასათაურებაა "განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო".
მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფორმატში აგრძელებს. ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარების სამინისტროს შეერწყმება, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს.
3 ივლისს მცირე მთავრობის კონცეფციის საკომიტეტო განიხლვები პირველი მოსმენით დასრულდა. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.





