საკომიტეტო მოსმენებზე მინისტრობის კანდიდატები თავიანთ პრიორიტეტებს წარადგენენ
პოლიტიკა
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, სადაც 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატები წარდგებიან. ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა რეგიონებში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
ასევე მიმდინარეობს, მეორე საკომიტეტო სხდომა, სადაც მიხეილ გიორგაძეს, მიხეილ ჩხენკელსა და დავით სერგეენკოს უსმენენ. მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს საკუთარ პრიორიტებებსა და გეგმებზე ესაუბრებიან.
მიხელ ჩხენკელის თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია მნიშვნელოვანია და გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს, როგორც სტრუქტურასთან, ისე კადრებთან დაკავშირებით.
მალე დაიწყება პარლამენტში ძალოვანი უწყებების მინისტრობის კანდიდატების მოსმენა, მათ შორის თეა წულუკიანის.
საკომიტეტო მოსმენების დაწყებამდე მინისტრობის კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძე მათ პროცედურებზე ესაუბრა. ამასთან, დავით სერგეენკომ და ლევან დავითაშვილმა არ დააკონკრეტეს დარჩებიან თუ არა მამუკა ბახტაძის კაბინეტში.
20 ივნისს ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.
უკვე ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძის კაბინეტიდან თავდაპირველად მხოლოდ ის მინისტრები მიდიან, ვინც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა, ესენი არიან: მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი. ცვლილებების პირველ ეტაპზე მინისტრების მოვალეობას მოადგილეები შეასრულებენ. ცვლილებების მეორე ეტაპი უფრო მასშტაბური იქნება და გუნდში ახალი სახეები გამოჩნდებიან.
მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა. ამის მიზეზად მან პარტიის თავმჯდომარესთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.



