ვატო შაქარიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკიდან მათი ჩამოშორება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რათა გაჩნდნენ ახალი პარტიები და ჩამოყალიბდეს იმგვარი პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ჯანსაღი კონკურენცია იქნება შესაძლებელი, ნაცვლად დაპირისპირების იმ ფორმისა, რომელშიც ქვეყნის გარედან მართული ერთი ჯგუფი, მხოლოდ არჩეული ხელისუფლების დამხობაზეა ორიენტირებული
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი
ფოტო: „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვის პარალელურად, სარჩელის ადრესატი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საჯარო სივრცეში სულ უფრო ხშირად ავრცელებენ ცრუ მოსაზრებას, თითქოს მათი აკრძალვით ქვეყანაში ერთპარტიული სისტემა ჩამოყალიბდება და საქართველოში სხვა პოლიტიკური ძალები აღარ იარსებებენ, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
შაქარიშვილის თქმით, რეალურად კი, პოლიტიკიდან მათი ჩამოშორება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რათა გაჩნდნენ ახალი პარტიები და ჩამოყალიბდეს იმგვარი პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ჯანსაღი კონკურენცია იქნება შესაძლებელი, ნაცვლად დაპირისპირების იმ ფორმისა, რომელშიც ქვეყნის გარედან მართული ერთი ჯგუფი, მხოლოდ არჩეული ხელისუფლების დამხობაზეა ორიენტირებული.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვის პარალელურად, სარჩელის ადრესატი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საჯარო სივრცეში სულ უფრო ხშირად ავრცელებენ ცრუ მოსაზრებას, თითქოს მათი აკრძალვით ქვეყანაში ერთპარტიული სისტემა ჩამოყალიბდება და საქართველოში სხვა პოლიტიკური ძალები აღარ იარსებებენ. რეალურად კი, პოლიტიკიდან მათი ჩამოშორება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რათა გაჩნდნენ ახალი პარტიები და ჩამოყალიბდეს იმგვარი პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ჯანსაღი კონკურენცია იქნება შესაძლებელი, ნაცვლად დაპირისპირების იმ ფორმისა, რომელშიც ქვეყნის გარედან მართული ერთი ჯგუფი, მხოლოდ არჩეული ხელისუფლების დამხობაზეა ორიენტირებული.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში გადასაყვანად აუცილებელია მკაფიო ზღვრის გავლება კონსტიტუციით დაცულ პოლიტიკურ საქმიანობასა და იმ ქმედებებს შორის, რომლებიც მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დიდი ხანია მოითხოვს იმ ძალების საქმიანობის სამართლებრივ შეფასებას, რომელთა მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი.
საზოგადოებამ იხილა უკანასკნელი წლების პოლიტიკური დაპირისპირებები, საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების შემთხვევები, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ განვითარებული ძალადობრივი მოვლენები და ხელისუფლების არასაარჩევნო გზებით შეცვლის შესახებ გაკეთებული არაერთი მოწოდება, რაც იმას ადასტურებს, რომ სხვადასხვა პარტიად დაყოფილი აგენტურული ქსელის მიზანი არასოდეს ყოფილა არჩევნებში მონაწილეობა, საპარლამენტო საქმიანობის განხორციელება, მოსახლეობის პრობლემების მოგვარება და ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ ყოველი არჩევნები მათ მიერ გამოყენებული იყო ხელოვნური კრიზისების შესაქმნელად, რომელთა შედეგად უნდა მომხდარიყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.
2025 წელს ჩვენ მიერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეტანილ მიმართვაში, დეტალურად აღვწერეთ, რომ აღნიშნული პროცესები ხორციელდებოდა საგარეო მხარდაჭერით, ორგანიზებითა და დაფინანსებით, რის საფუძველზეც მოვითხოვეთ ცალკეული პოლიტიკური ლიდერებისა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით კოორდინირებული კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის გამოძიება.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას სჭირდება თვისებრივი ცვლილება და ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება აგენტურული ქსელის მოქმედებათა სამართლებრივი შეფასების გარეშე, რომელმაც 9 წლის განმავლობაში სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებით მოკლა ასეულობით უდანაშაულო ადამიანი, შექმნა სისტემური და სისტემატური წამების მანქანა, უხეშად შელახა ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება, სისხლში ჩაახშო მშვიდობიანი პროტესტი, დახურა ან დაიქვემდებარა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ქვეყანა გახვია დამანგრეველ ომში, ამ ყველაფრის შემოქმედები კი, უკვე 14 წელია ოპოზიციიდან აგრძელებენ დანაშაულებრივ საქმიანობას და ქვეყანას არ აძლევენ დამშვიდების საშუალებას.
მათ სრულად ჰქონდათ ოკუპირებული ოპოზიციური ველი და ცხადია ამ სტატუს კვოს შეცვლის გარეშე, ვერ ჩამოყალიბდება ნორმალური პოლიტიკური სისტემა და ვერ წარიმართება ჯანსაღი დისკუსია ისეთ საკითხებზე, რომლებზეც რეალურად უნდა მიმდინარეობდეს პარტიების კონკურენცია − როგორი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი? როგორ უნდა შეიცვალოს საგადასახადო სისტემა? რა პოლიტიკა უნდა გატარდეს სოციალური დაცვის, დემოგრაფიის, განათლების, რეგიონული განვითარების თუ სხვა მიმართულებების გაუმჯობესებისთვის? როგორ უნდა განისაზღვროს საქართველოს ადგილი ცვალებად საერთაშორისო წესრიგში და რომელი საგარეო პოლიტიკური კურსი უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას?
ეს არის საკითხები, რომლებზეც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური ხედვების გაცნობის, შეფასების და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
სამწუხაროდ, ქვეყანაში ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაციის პირობებში ასეთი დისკუსია უკანა პლანზეა გადასული. პოლიტიკური სივრცე იმდენად არის დატვირთული ურთიერთბრალდებებითა და მუდმივი დაპირისპირებით, რომ ალტერნატიული პროგრამებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განსხვავებული კონცეფციების განხილვისთვის სათანადო ადგილი თითქმის აღარ რჩება.
პოლიტიკური მრავალფეროვნება არ განისაზღვრება მხოლოდ პარტიების რაოდენობით. მისი მთავარი საზომია განსხვავებული იდეების არსებობა და საზოგადოებისთვის რეალური პოლიტიკური არჩევანის შეთავაზება.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს სჭირდება არა ორი დაპირისპირებული ბანაკის მუდმივი ურთიერთბრძოლა, არამედ ისეთი პოლიტიკური გარემო, სადაც პარტიები ერთმანეთს ქვეყნის განვითარების ხედვებითა და პროგრამებით გაუწევენ კონკურენციას.
სწორედ ასეთ პოლიტიკურ გარემოში ხედავს საკუთარ ადგილს პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც ქვეყნის ნეიტრალიტეტის კონცეფციას განიხილავს არა მხოლოდ სამხედრო დაპირისპირებებში ჩართვისგან დაცვის მექანიზმად, არამედ საქართველოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისო ფუნქციის ახლებურად გააზრების საფუძვლად.
ჩვენ მზად ვართ საჯარო და საგნობრივი დისკუსიისთვის ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც აღიარებს საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს, სახელმწიფოს სუვერენიტეტს და პოლიტიკური კონკურენციის დემოკრატიულ პრინციპებს“, - აღნიშნა მან.



