imedi
გვარამია: სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა
პოლიტიკა

ნიკა გვარამია
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.
მისივე განმარტებით, დოკუმენტში წერია, რომ 8 მარტამდე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო გაერკვევა, შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, დანარჩენი განმარტებები კი მოგვიანებით გაკეთდება.
გვარამიამ მოუწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს, სასწრაფოდ განიხილოს "რუსთავი 2"-ის სარჩელი.
"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომელიც უმძიმეს დღეშია ჩავარდნილი გუშინდელი დღის შემდეგ, რომელმაც დამარხა დემოკრატია, დაიბრუნოს სახე და მისცეს მოვლენებს თავისუფლად განვითარების საშუალება. ესაა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელშიც დიდი ხანია "რუსთავი 2"-ისა და შპს "საქართველოს" სარჩელებია შესული და ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ახალი გადაწყვეტილების მიღებას", - თქვა გვარამიამ.
გვარამიამ ასევე მოუწოდა პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააკეთონ მხარდამჭერი განცხადებები.
"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციას, დიპკორპუსს, დადგეს ჩვენს გვერდით და გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები. ჩვენ ვითხოვთ ერთობლივ განცხადებებს, რომელსაც გამოვიყენებთ სტრაასბურგში", - განაცხადა გვარამიამ.
გვარამიამ ასევე თქვა, რომ 12 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი და მხარდამჭერებსა და პოლიტიკურ პარტიებს მისვლისკენ მოუწოდა.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ის სრულ უფლებამოსილებას ანიჭებს პოლიტიკურ პარტიებს, რათა მოითხოვონ პოლიტიკური ცვლილებები.
მან ასევე თქვა, რომ ძალაში რჩება შეთავაზება არხის კოლექტივისთვის გადაცემის შესახებ.
მანამდე "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან გამართა.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
არხის მენეჯმენტმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.





