საქართველოს ადვოკატი: ვფიქრობ, რუსეთის არგუმენტებს სასამართლო სერიოზულად ვერ მიიღებს
პოლიტიკა
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ისტორიული განხილვა დასრულებულია. სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გამოაცხადებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის. სხდომაზე საქართველოს ბრიტანელი ადვოკატი თითქმის ორი საათის განმავლობაში დეტალურად საუბრობდა რუსული აგრესიისა და ოკუპაციის შესახებ.
ქართულმა მხარემ სასამართლოს 700 მტკიცებულება წარუდგინა. ბრიტანელი ადვოკატების თქმით, რუსეთის მხარის დამცველები ისტორიის გაყალბებას ცდილობენ.
რუსეთმა ამის პასუხად განაცხადა, რომ დაბომბვაც, აკრძალული იარაღის გამოყენებაც და ადამიანების წამებაც გამოგონილია. რუსეთის ადვოკატებმა ასევე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ 2008 წელს საქართველო "მძინარე ცხინვალს დაესხა თავს".
"არ არის სიურპრიზი, რომ რუსეთის მთავრობა სამხედრო დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფაბრიკაციაზე საუბრობს. ეს არის უსუსრი მცდელობა და ბოლო არგუმენტი თავის გასამართლებლად. ისინი ამბობენ, რომ ამერიკის სამხედრო დაზვერვამ უკანონოდ შეაღწია Humans Right Watch-ში, მოიპარეს ისკანდერის რაკეტების ფრაგმენტები რუსეთის ტერიტორიიდან, დაანაწევრეს და მოათავსეს დანაშაულის ადგილას. რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ჩემი აზრით, ამ არგუმენტებს ვერც სასამართლო მიიღებს სერიოზულად", - განაცხადა საქართველოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა.
საქართველო რუსეთს 2008 წლის ომის დროს და მის შემდგომ განვითარებული პროცესებისას ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ედავება, მათ შორისაა წამება არაადამიანური მოპყრობა და საქართველოდან საქართველოს მოქალაქეების გაძევება. ქართული მხარის ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.
საქართველოს სტრასბურგის სასამართლოზე 700 მტკიცებულება აქვს წარდგენილი, მათ შორის დაზარალებულთა ჩვენებები.





