ლეილა ჯავახიშვილი
ხმაური იყო თბილისის მერიაში, სადაც ოპოზიცია მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა
პოლიტიკა

ოპოზიცია თბილისის მერიაში
ფოტო: ლელა ჯავახიშვილი
დღეს დილით ხმაური იყო თბილისის მერიაში, სადაც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის საკრებულოს რამდენიმე წევრი არ შეუშვეს. საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრებას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ითხოვდა. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომაზე დასწრება და დედაქალაქის მერისთვის კითხვების დასმა უნდოდათ.
დეპუტატებს კითხვები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის გადაცემულ კომპენსაციასთან დაკავშირებით ჰქონდათ. მას შემდეგ კი, რაც მერიაში მათი სხდომაზე დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს, დეპუტატებმა შენობა დატოვეს და სხდომას არ დაესწრნენ. ისინი დავით ნარმანიასგან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურაში განცხადების შეტანას გეგმავენ.
თბილისის ვიცემერის განმარტებით, საკრებულოს დეპუტატების მისვლის შესახებ მერიაში წინასწარ გაფრთხილებულები არ იყვნენ და ისინი სხდომაზე მას შემდეგ დაუშვეს, რაც სხდომათა დარბაზი ტექნიკურად მოაწესრიგეს.
რაც შეეხება დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლის საკითხს, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მერი საკრებულოში მას შემდეგ მივა, როდესაც ამას დეპუტატების შესაბამისი რაოდენობა მოითხოვს.
მერს საკრებულოში უმცირესობა იბარებს. მათ მოთხოვნა, ხელმოწერებით, მერიაში რამდენიმე დღის წინ გაგზავნეს. ოპოზიციის თქმით, თუ ნარმანია საკრებულოში ოთხშაბათამდე არ მივა, ის კანონს დაარღვევს.უმცირესობა მერიას "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმაზე კომპენსაციის, 1 მლნ ლარის გაცემას ედავება.





