აჭარაში ბავშვების სექსტრეფიკინგის შემთხვევები დაფიქსირდა
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის 21 ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
აქედან სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე აჭარაში ბავშვით ვაჭრობის ერთ და სექსტრეფიკინგის 6 ფაქტზე აღძრა.
ადამიანის ვაჭრობის კუთხით, ხშირად სექსუალური ხასიათის ტრეფიკინგია. 21 საქმიდან, 15 სექსუალურ ექსპლუატაციას ეხება.
სექსტრეფიკინგის დანაშაულები ჩადენილია: 1 აზერბაიჯანში, 14 საქართველოში, 6, სავარაუდოდ, აჭარაში, 3 თბილისში, 1 შიდა ქართლში, ხოლო 4 ქვემო ქართლში.
შიდა ქართლში დაფიქსირდა როგორც სექსუალური, ისე შრომითი ექსპლუატაციის ერთი შემთხვევა, აფხაზეთში კი იძულებითი შრომის ერთი შემთხვევა.
ქვემო ქართლში საქმე აღიძრა როგორც სრულწლოვანის, ისე არასრულწლოვნის შრომითი ექსპლუატაციის მუხლით.
არასრულწლოვნის მიმართ იძულებითი შრომის ფაქტები აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა, ძალოვანები 2 ბავშვით ვაჭრობის ფაქტს იძიებენ.
ადამიანით ვაჭრობის რაოდენობის მიხედვით, საქართველო მოწინავე ქვეყნებს შორისაა. ომბუდსმენის აპარატი წყაროდ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს იყენებს, სადაც საქართველო, ტრეფიკინგის მიმართულებით, 2016-17 წლებში, პირველ კალათაშია.
აშშ-ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო გოგოების და ქალების სექსტრეფიკინგის, ასევე, კაცების, ქალების და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყარო და სატრანზიტო ქვეყანაა.
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მძიმე ფორმაა. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები და ბავშვები.





