დარეჯან ჩხიკვაძე
ქართული მარშის მოთხოვნით ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლს დადგამენ
პოლიტიკა

ქართული მარში წევრები
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული მარშის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
"ქართული მარშის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შედეგი მიღწეულია უახლოეს მომავალში დავით აღმაშენებლის ძეგლი ბათუმში დაიდგმება, რამდენიმე თვეში გამოცხადდება კონკურსი და გამოიყოფა ადგილი.
ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, ტერიტორია ჯერჯერობით შერჩეული არ არის, ძეგლის დასადგმელად ხარჯები კი ბიუჯეტიდან და ასევე სხვადასხვა ფონდის მიერ დაფინანსდება.
"ცოტა ხნის წინ „ქართული მარშის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გავმართეთ. ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არც ყოფილა. ვფიქრობ, რომ იგი საქართველოს ნებისმიერ ქალაქს დაამშვენებდა. ტექნიკური დეტალები საკრებულოს დღის წესრიგში იყო. ჩვენ ამ საკითხს ერთნაირად ვუყურებთ“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.
"ქართულმა მარშმა" ძეგლის დადგმის მოთხოვნით საკრებულოს გასულ წელს წერილობით მიმართა. როგორც მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ პასუხში ეწერა, ქართული მარშის მოთხოვნა საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შემდეგ შევიდა, რის გამოც აღმაშენებლის ძეგლის დადგმის ხარჯებს ვეღარ გაითვალისწინებდნენ. პასუხმა მაშინ "ქართული მარშის" წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.




