ლევან მაჭავარიანი: ის ევრობიუროკრატები, რომლებიც არჩევნებამდე საუბრობდნენ, რომ მათი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არ მოეწონათ ეს ანგარიში და დაიწყეს ეუთო/ოდირის გაშავების კამპანია - ჩვენი დასაცავი გახდა ეს ორგანიზაცია
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დებატები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და საერთაშორისო შეფასებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები ფიზიკურად აღარ არსებობს.
მაჭავარიანის განცხადებით, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის მიხედვით, არჩევნები იყო კონკურენტული, წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი, ხოლო ცესკოს ადმინისტრირება კი მაღალი დონის. მისივე თქმით, როდესაც ევრობიუროკრატებმა სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, ეუთო/ოდირის დისკრედიტაცია დაიწყეს, რომელიც შემდგომ ქართული ოცნების" დასაცავი გახდა.
„როდესაც 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში რა ეწერა? - საბოლოო ანგარიშში წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა იმის საშუალება, რომ თავისუფალ გარემოში ჩაეტარებინა წინასაარჩევნო კამპანია. ცესკომ არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე მოახდინა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.
ის ევრობიუროკრატები, რომლებიც არჩევნებამდე საუბრობდნენ, რომ მათი დასაყრდენი უნდა ყოფილიყო ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არ მოეწონათ ეს ანგარიში და აქედან გამომდინარე, დაიწყეს ეუთო/ოდირის გაშავების კამპანია. ჩვენი დასაცავი გახდა [ეუთო/ოდირი]. რომ არ მოეწონათ ეუთო/ოდირი დასკვნა, ანგარიშის შეცვლის მცდელობა ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას და ასევე, ევროპარლამენტის დელეგაციას. ეს რაც შეეხება ეუთო/ოდირის ანგარიშს.
ახლა შეგახსენებთ, როგორი სისტემით ჩატარდა ის არჩევნები. უპრეცედენტო რაღაც მოხდა და მთლიანად ელექტრონული სისტემით ჩატარდა. ყველა ოპოზიციური, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აბსოლუტურად ყველა პარტია თავიანთ ლიდერებთან ერთად საუბრობდნენ მტკიცებით ფორმაში, რომ ამ სისტემით ჩატარებული არჩევნების გაყალბება იყო შეუძლებელი. ცესკოს ძალისხმევით, ქართველი ხალხის ძალისხმევით, ასევე, ჩამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული აუდიტორული კომპანია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩაატარა ამ ელექტრონული სისტემის სამი ფაზა აუდიტის და გამორიცხა ხმების დუბლირება და ის ბრალდება 400 000 ხმაზე და პირადობა ჩამორთმეულ ადამიანებზე, ეუთო/ოდირის იმ საბოლოო ანგარიშში არ მოხვედრილა. შესაბამისად, კითხვის ნიშანიც არ არსებობს ამ არჩევნებთან დაკავშირებით.
მინდა კიდევ შეგახსენოთ, პირდაპირ ეთერში წამოცდენები ბატონი გიორგი გახარიასი, ბატონი მამუკა ხაზარაძის და ქალბატონი ანა წითლიძის, რომლებმაც პირდაპირ ეთერში დაადასტურეს მიღებული იმ ხმების რაოდენობა, რაც ცესკომ გამოაქვეყნა. ამ არჩევნებთან დაკავშირებით შეკითხვა ფიზიკურად არ არსებობს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.




