ანა ბერუკაშვილი
მერის მოადგილემ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე გამარტივებული ტენდერის მიზეზი განმარტა
პოლიტიკა

შეხვედრა
ფოტო: ანა ბერუკაშვილი
"რატომ იგეგმება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის გამარტივებული ტენდერით ხელშეკრულების გაფორმება?"- ეს იყო ძირითადი შეკითხვა, რომელიც "ევროპული საქართველოს" წევრებმა ფრაქციის სხდომაზე მერის მოადგილეს და "თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელს დაუსვეს. ფრაქციის წევრებს სხვა შეკითხვებიც ჰქონდათ:
"შეკითხვები არის ბევრი და მნიშვნელოვანი, როგორია პროექტი, როგორ არის დაგეგმილი სამუშაოები, რატომ არის მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვა, ანუ ერთ პირთან მოლაპარაკება, რა პროცესთან გვაქვს საქმე, რა ეტაპებით განხორციელდება სამუშაო, ეს ყველა შეკითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ ამ შეკითხვებზე პასუხი უნდა იცოდეს. საქმე შეეხება თბილისის ცენტრში ისტორიულ უბანს და შესაბამისად, არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა რჩებოდეს. ის, რომ 50 მილიონის განკარგვა ხდება გამარტივებული შესყიდვით ეს ნამდვილად ბადებს შეკითხვებს და ამ შეკითხვებზე პასუხი გვინდა მოვისმინოთ", - თქვა გიორგი გაბაშვილი.
მერია ერთ პირთან მოლაპარაკებას რამდენიმე მიზეზით ხსნის:
"ვინაიდან საკითხი ეხება კულტურული სტატუსის შენობებს, აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ღირებულება და დაბალი ფასის მქონე კომპანია ვერ იქნება პრიორიტეტი, სწორედ ამ მიზეზითაც მივმართეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. იქ არის მითითებული რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ ვგეგმავთ ამ შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებას. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვების სააგენტოდან იქნება თანხმობა, შემდგომ მივმართავთ საქართველოს მთავრობას ამ გადაწყვეტილების მისაღებად და ამის შემდგომ მოხდება შესაბამისი პროცედურების განხორციელება", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ბაიდარაშვილის თქმით, გუდიაშვილის მოედანზე სამუშაოების დაწყება 2 კვირაში უკვე შესაძლებელი იქნება.
თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი 17 თებერვალს დაიწყო.
4 ეტაპი გუდიაშვილის მოედანზე უკვე დასრულებულია. ძეგლების კონსერვაციის, კომუნიკაციების შეცვლის და დაპროექტების შემდეგ იწყება აღდგენითი სამუშაოები.
16 თებერვალს ოპოზიციამ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის ტენდერზე შენიშვნები გამოთქვა.




