ირაკლი კობახიძე: აზერბაიჯანთან ძალიან მეგობრული მოლაპარაკებების საფუძველზე უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს მივაღწიეთ, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან და სწორედ ჩვენი მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების შედეგი იყო ის არაერთი შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ, მათ შორის, გაზის მოცულობასთან და ფასთან დაკავშირებით
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
აზერბაიჯანთან ძალიან მეგობრული მოლაპარაკებების საფუძველზე უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს მივაღწიეთ, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან და სწორედ ჩვენი მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების შედეგი იყო ის არაერთი შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ, მათ შორის, გაზის მოცულობასთან დაკავშირებით, გაზის ფასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
მისივე თქმით, საქართველოს რუსეთთან მიმართებით აქვს აბსოლუტურად მკაფიოდ გავლებული წითელი ხაზები.
„თურქეთიდან და რუსეთიდან, მერწმუნეთ, არავინ ტუქსავს საქართველოს ხელისუფლებას, ამას არავის არ ვაკადრებინებთ. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო დაპირებაც და პოზიციაც ამასთან დაკავშირებით. არც ერთი ფაქტი არ არსებობს ამის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა შეიძლება იყოს ჩვენზე დიდი, შეიძლება იყოს ჩვენზე ეკონომიკურად განვითარებული და ასე შემდეგ, არც ერთ ქვეყანას, არც ერთ სახელმწიფოს არ აძლევს არც ერთი ჩვენი თანამდებობის პირი არც დატუქსვის საშუალებას და არც ზემოდან ყურების საშუალებას. ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი, რაც შემიძლია გავაკეთო.
იგივე ეხება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და ასე შემდეგ. სხვათა შორის, აზერბაიჯანთან ძალიან მეგობრული მოლაპარაკებების საფუძველზე, უმნიშვნელოვანეს შეთანხმებებს მივაღწიეთ, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან და სწორედ ჩვენი მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების შედეგი იყო ის არაერთი შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ, მათ შორის, გაზის მოცულობასთან დაკავშირებით, გაზის ფასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მეგობრობისა და ღირსეული დამოკიდებულების გარეშე ასეთი რაღაცები არ ხდება. რუსეთთან მიმართებითაც თქვენ იცით, რომ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიოდ გავლებული წითელი ხაზები და არასდროს გადაგვიხვევია ამ წითელი ხაზებისთვის და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ შევშფოთდით იმ არასწორი დამოკიდებულებით, რომელიც ჩვენს ღირსებასაც შეეხო, ხომ იცით, რეაქცია გვქონდა ღვინის საკითხთან დაკავშირებით, ხომ, როდესაც ყოველგვარი ფაქტების გარეშე შეიყვანეს სიაში ქართული ღვინის კომპანიები — იქაც ძალიან ხმამაღლა გავაკეთეთ განაცხადი და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, სადაც ეს სჭირდება ეროვნულ ინტერესებს, იქ ყოველთვის გვიჭირავს სათანადო პოზიცია,“- აღნიშნა პრემიერმა.





