ლევან მაჭავარიანი ევროკავშირზე: როგორ არასერიოზულადაც უდგებიან გაფართოების საკითხებს, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია უკრაინა, რომელსაც ომის პირველივე დღეებში სამარცხვინოდ ჰპირდებოდნენ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრობას. უკვე მეხუთე წელია დაწყებული და დღემდე ვერ ეუბნებიან ვერანაირ კონკრეტულ ვადას
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ძალიან არასერიოზული მიდგომაა და საბოლოო ჯამში შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ გაფართოება არ სურთ და სხვადასხვა მიზეზს იგონებენ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
ის ასე გამოეხმაურა „ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას.
ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ამ არასერიოზული მიდგომის ყველაზე ნათელი მაგალითი უკრაინის შემთხვევაა.
„ხან ამბობენ, რომ ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეთ ახალ წევრებს, ხან ამბობენ, რომ რაღაც გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს 10 წელი, ხან 15 წელზე საუბრობენ. ეს არის ძალიან არასერიოზული მიდგომა და ზოგადად როგორ არასერიოზულადაც უდგებიან გაფართოების საკითხებს, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია უკრაინა, რომელსაც ომის პირველივე დღეებში სამარცხვინოდ ჰპირდებოდნენ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრობას. უკვე მეხუთე წელია დაწყებული და დღემდე ვერ ეუბნებიან ვერანაირ კონკრეტულ ვადას გაწევრებასთან დაკავშირებით და შთაბეჭდილება რჩება, რომ საერთოდ არ აპირებენ უკრაინის მიღებას ევროკავშირში”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება.





