როგორ აფასებენ დეპუტატები ევროკომისიის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას
პოლიტიკა

ფოტო: Shutterstock
მმართველ გუნდში ევროკომისიის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდა შეაფასეს. პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ ევროკომისიის ობიექტური შეფასება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებით მისასალმებელია. ქართული ოცნებისთვის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი სიმართლესა და ფაქტებს ვერ გაექცევა.
„დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მაჩვენებლებიც მოიაზრება ინტეგრაციის პროცესში, თუმცა ამ მაჩვენებლების მიხედვითაც, საქართველო ეკონომიკური პროგრესის მხრივ ასევე მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს, ოღონდ როდესაც პოლიტიკურ შეფასებებს ეხება საქმე, ევროკომისია პოლიტიკური განცხადებებით ცდილობს მცდარი აღქმების შექმნას და ამგვარად თავისი პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას საქართველოზე, იმისთვის, რომ მან შეასრულოს ის როლი, რომელიც ამჟამად არსებულ ევრობიუროკრატიას სურს გარკვეული გლობალური მიზნებისთვის“, - მიიჩნევს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი კი აღნიშნავს, რომ ახალი მონაცემები საქართველოს სწორ ეკონომიკურ განვითარებას ადასტურებს.
„ევროკომისიის ანგარიში, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ადასტურებს და ერთი ერთში იმეორებს ჩვენი ხელისუფლებისა და პრემიერ=მინისტრის განცხადებებს ეკონომიკურ სტაბილურობასა და იმ აღმავლობის პროცესებთან დაკავშირებით, რაც ჩვენთან არის, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი ვერ გაექცევა სიმართლესა და ფაქტებს. საქართველო სწორი ეკონომიკური განვითარების გზაზე დგას, მაშინ როდესაც თავად ევროკავშირის წევრებისა და კანდიდატი სახელმწიფოების ეკონომიკური წინსვლა შესაძლოა 1-საც არ უტოლდებოდეს“, - აცხადებს წილოსანი.
ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა, რაც საგაზაფხულო პროგნოზთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს. შეფასება ევროკომისიის მიერ 17 ნოემბერს გამოქვეყნებულ 2026 წლის შემოდგომის ეკონომიკურ პროგნოზშია წარმოდგენილი.





