პრემიერი: ჩვენ არ გვსურს, საქართველოში ის ტენდენციები ვიხილოთ, რომლებიც ეროვნული თუ რელიგიური იდენტობის შესუსტებას იწვევს, პირიქით, გვსურს, შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური თვითმყოფადობა, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რომლითაც მომავალშიც ვიხელმძღვანელებთ
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს მთავრობა
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადი კულტურა, ეთნიკური და რელიგიური იდენტობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც რელიგიურ თუ ეთნიკურ იდენტობაზეა საუბარი, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ტოლერანტობის ნაკლებობას.
„ყველა ვხედავთ, რომ დღეს ევროპა მრავალი გამოწვევის, პრობლემისა და სირთულის წინაშე დგას. ეს გამოწვევები, მათ შორის, ევროპული ქვეყნების ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური იდენტობის საკითხებს უკავშირდება. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო უაღრესად ტოლერანტული ქვეყანაა. ტოლერანტობა ჩვენთვის მხოლოდ დეკლარირებული პრინციპი არ არის - საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები. ეთნიკური უმცირესობები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეადგენენ. დაახლოებით ანალოგიური მაჩვენებელია რელიგიური უმცირესობების შემთხვევაშიც. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში ტოლერანტობის დონე ძალიან მაღალია.
საქართველოში ჩამოსვლისას ამაში თავადაც მარტივად დარწმუნდებით. მაგალითად, თბილისის ისტორიულ ცენტრში, ერთმანეთის სიახლოვეს, შეგიძლიათ იხილოთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, სომხური ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი. ეს საქართველოში არსებული მაღალი რელიგიური და კულტურული ტოლერანტობის ნათელი დასტურია. ამიტომ, როდესაც რელიგიურ თუ ეთნიკურ იდენტობაზე ვსაუბრობთ, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ტოლერანტობის ნაკლებობას. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადი კულტურა, ეთნიკური და რელიგიური იდენტობა. ეს ჩვენი პოზიციაა.
ჩვენ არ გვსურს, საქართველოში ის ტენდენციები ვიხილოთ, რომლებიც ეროვნული თუ რელიგიური იდენტობის შესუსტებას იწვევს. პირიქით, გვსურს, შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური თვითმყოფადობა. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, რომლითაც მომავალშიც ვიხელმძღვანელებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





