არჩილ გორდულაძე: გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩორჩანის ეპიზოდი ერთ-ერთია იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს შორის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას შეერაცხება - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის განცხადებით, ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით უნდა მიღებულიყო, თუმცა შედეგად, ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლებამ ეფექტიანი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა დაკარგა.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, იყო თუ არა გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებთან და პრემიერ-მინისტრთან, ასევე რამდენად იყო უზრუნველყოფილი კოორდინაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.
„ჩორჩანის ეპიზოდი ერთ-ერთია იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს შორის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას შეერაცხება. აქ მთავარია ფაქტები: გიორგი გახარიამ შეათანხმა თუ არა მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის კონკრეტულად საგუშაგოს განთავსება. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი კი ის არის, რომ საბოლოო ჯამში, ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლებას ეფექტიანი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა აღარ აქვს. ამ ფაქტთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტიის თითოეული წარმომადგენლის დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თავად გიორგი გახარია, რომელიც ბრალდებულია და უცხოეთში, სხვა ქვეყანაში ემალება მართლმსაჯულებას, ამითაც ავლენს საკუთარ დამოკიდებულებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. მისი ქმედების შედეგად კი ფაქტია, რომ ჩორჩანასთან, ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლებას დროებით ეფექტიანი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს. მანამდე საქართველოს ხელისუფლებას ამ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ იქ, ეფექტიანი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდა, დღეს კი აღარ აქვს. ამ ფაქტის მიუხედავად, პარტიის წარმომადგენლები დღემდე აცხადებენ, რომ მომხდარით ამაყობენ. ისინი საერთოდ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობას, ადგილობრივ მცხოვრებლებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, ტერიტორია იმ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოიყენონ, რისთვისაც საგუშაგოს აგებამდე იყენებდნენ. ამასთანავე, ამტკიცებენ, თითქოს სახელმწიფოს კვლავ აქვს ეფექტიანი კონტროლის შესაძლებლობა. არც ერთი და არც მეორე სიმართლეს არ შეესაბამება.
პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩორჩანის მოვლენებით ამაყობენ და თითქოს ამ გადაწყვეტილებით ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი და დაცულია. თუმცა ფაქტი მხოლოდ ერთია: ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე ეფექტიანი კონტროლი დაკარგულია. როდესაც ადამიანი შინაგან საქმეთა მინისტრია და ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ყოველგვარი შეთანხმების გარეშე იღებს, ეს ცალკე საკითხია. სახელმწიფო უსაფრთხოება შესაბამის კოორდინაციას მოითხოვს. ასეთი მნიშვნელოვანი და სენსიტიური გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, უსაფრთხოების სამსახურებთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით უნდა მიიღებოდეს. მოგეხსენებათ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. გამყოფ ხაზთან თითოეული აქტივობა უმაღლესი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებასა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უკავშირდება. გარდა ამისა, მსგავსი საკითხები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციასაც საჭიროებს.
როდესაც ეს ყველაფერი არ ხდება და ადამიანი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საგუშაგოს აღმართვის შესახებ, ამას, სამწუხაროდ, შედეგად ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე ეფექტიანი კონტროლის დროებით დაკარგვა მოჰყვება. რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდობიანი პოლიტიკით უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, გიორგი გახარია მომხდარზე ლაპარაკობს, როგორც მისთვის საამაყო მოვლენაზე“, - განაცხადა გორდულაძემ.





