კახა კალაძე საცობებისგან განმუხტვის გზებზე: ვნახოთ ის ორი კონკრეტული პროექტი, რომლებიც კვლევაზეა გაშვებული, რა შედეგს მოგვცემს და ამის შემდეგ გვეცოდინება, რა არის გასაკეთებელი
პოლიტიკა

კახა კალაძე
თბილისის მერია
ვნახოთ ის ორი კონკრეტული პროექტი, რომლებიც კვლევაზეა გაშვებული, რა შედეგს მოგვცემს და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება, რა არის გასაკეთებელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საცობებისგან განმუხტვის გზებზე მსჯელობისას.
კალაძის თქმით, მერიას ჰქონდა აქტიური საუბარი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, სადაც კონკრეტულ მონაკვეთებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კვლევა, საქმე ეხება დედაქალაქის შემოვლით გზებს დასავლეთ და აღმოსავლეთ შემოსასვლელებზე.
„ვნახოთ, როგორი იქნება კვლევის შედეგი. ბევრი ამბობს იმას, რომ რატომ არ აკეთებთ, მაგალითად, ისე, როგორც მოსკოვში გააკეთეს წრიულები. ჩვენი ქალაქის რელიეფი არ იძლევა ამის საშუალებას. როდესაც დარგის სპეციალისტებს, უცხოელებს ვთხოვეთ, რომ გაეკეთებინათ პროექტი, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი, ძალიან რთულია იმ თვალსაზრისით, რომ თბილისი არის ჩიხივით. რელიეფიდან გამომდინარე, შეუძლებელია წრიულების გაკეთება, რომელიც, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად განტვირთავდა დედაქალაქს. ვნახოთ ის ორი კონკრეტული პროექტი, რომელიც კვლევაზეა გაშვებული, რა შედეგს მოგვცემს და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება, რა არის გასაკეთებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თბილისის მერის თქმით, იგეგმება ავტობუსების რაოდენობის გაზრდა.
„მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანა, ქალაქი იზრდება, ფართოვდება, მოთხოვნა დიდია სხვადასხვა დასახლებიდან, ყველგან ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რომ ავტობუსს შეეძლოს გადაადგილება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ძალიან კომფორტული“, - განაცხადა კახა კალაძემ.




