ზვიად შალამბერიძე ჩეხეთში ვიზიტზე: ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს არის ჩვეულებრივ ბრიუსელის პოლიტიკა, როდესაც ქვეყანა არის პატარა ან ამ შემთხვევაში, არ არის ევროკავშირის წევრი, ბრიუსელს სჩვევია, რომ ასეთი ტონით ესაუბროს ასეთ ქვეყნებს
პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ჩეხეთში ვიზიტისას გამართული შეხვედრების დეტალები ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა.
„მთავარი თემა რაც იყო, ეს არის ევროკავშირთან ურთიერთობა. მათ ჰქონდათ ძალიან საინტერესო კითხვები, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ვინაიდან, ჩეხეთის პარლამენტსაც ინიცირებული აქვს მსგავსი კანონი. ჩვენი მხრიდან აინტერესებდათ ის პროცესი, თუ როგორ მიმდინარეობდა გამჭვირვალობის კანონის მიღების. ჩვენ გავუზიარეთ და პარლამენტის თავმჯდომარემ მისცა რჩევები.
მათთვის ეს ფრაზა, ზოგადად, „რუსული კანონი“ და შაბლონების მიწებება, არ არის ახალი, თურმე, რადგან ჩეხეთშიც ხდება იგივე, რომ ნებისმიერი კანონი იქნება, თუ ეს პროცესი იქნება, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ოპოზიციონერმა პარტიებმა გამოაცხადონ ისე, რომ მათთვის არ იყოს სასურველი, იქაც მარტივად „რუსულის“ იარლიყი ეწებება.
ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს არის ჩვეულებრივ ბრიუსელის პოლიტიკა, როდესაც ქვეყანა არის პატარა ან ამ შემთხვევაში, არ არის ევროკავშირის წევრი, ბრიუსელს სჩვევია, რომ ასეთი ტონით ესაუბროს ასეთ ქვეყნებს“, - განაცხადა შალამბერიძემ.





