შალვა პაპუაშვილი: ჰერჩინსკის ვურჩევდი, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ელჩმა ტონს უნდა დაუწიოს და საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატისთვის შესაფერისი ფორმით ესაუბროს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო ევროპაა და ევროპულ კანონებს იღებს, ხოლო თუ პაველ ჰერჩინსკის მიაჩნია, რომ ვინმეს ევროპასთან დაკავშირებით ახსნა სჭირდება, ეს საკუთარ გარემოცვას უნდა აუხსნას.
„საქართველო ამერიკაა, ჩინეთია თუ სად არის? ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს. ბატონ ჰერჩინსკის თუ ჰგონია, რომ ის რაღაც ევროპის ქურუმია და გვეუბნება, რა არის ევროპა, არ ვიცი. თუ ვინმეს სჭირდება ახსნა, თუ რა არის ევროპა, აუხსნას თავის გარშემო მყოფ ადამიანებს.
ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს. თუ მის ან ბრიუსელის გემოვნებაში რაღაც არ ჯდება, ეს სხვა საქმეა. არ მოსწონთ? გავიგეთ! ხომ შეაჩერეს? გავიგეთ! მაგრამ რატომ ბრაზობენ, ეს ვერ გავიგეთ.
გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი, სადაც რეკომენდაციებზე საუბრობდა. პირველი რეკომენდაცია, რომელიც მე მინდა მას მივცე, არის ის, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია — ტონს დაუწიოს.
ვნახეთ ჩვენ გუშინ გაბრაზებული, პრეტენზიული საუბარი. საერთოდ, რა წესია, როცა სტუმარი მასპინძელს ამ ტონით ელაპარაკება? ვერ მიხვდა, ალბათ, ქართული კულტურა რას ნიშნავს. ამ ტონით სტუმარი მასპინძელს არ ელაპარაკება.
ამ ტონის ნაწილი იყო ისიც, რომ გუშინ თქვა: რაზე უნდა გვქონდეს დიალოგიო — გლობალური ომის პარტიაზე და „დიფ სთეიტზეო“?! სერიოზულად გულისხმობთ ამასო? აბა, რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? მისმა ხელმძღვანელმა, მარტა კოსმა რომ თქვა, საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვაო, სერიოზულად ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი, აქ რუსეთმა გაიმარჯვა თუ არა? ეს არის? ამაზე უნდა დიალოგი? თუ იმაზე, რომ მან თქვა, საქართველო თავის ბნელ წარსულს უბრუნდებაო? სერიოზულად?! ამაზე უნდა საუბარი?!
რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? იმაზე, რომ 2022 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით მივიდა და ამბობდა, სააკაშვილი კვდებაო? ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი — კვდებოდა თუ არა?! გავიდა ოთხი წელი, ადამიანს შვილი ეყოლა და პოლიტიკურ პროცესებს ლამის ციხიდან მართავს.
ასე რომ, მე ვურჩევდი ელჩს, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.




