შალვა პაპუაშვილი: საქმეც იმაშია, რომ როდესაც არის ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იქ გარკვეულია ყველაფერი. რა რიტორიკა უნდა გვქონდეს, დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული იქნება რუსეთის მხრიდან
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„საქმეც იმაშია, რომ როდესაც არის ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იქ გარკვეულია ყველაფერი. რა რიტორიკა უნდა გვქონდეს, დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული იქნება რუსეთის მხრიდან“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსეთთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.
კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, „რუსეთის მიმართ რატომ არ ხართ მკაცრი განცხადებების დროს. ახლა კამპანიურად ევროკავშირის ელჩებზე მიდის თავდასხმა, კრიტიკა. ერთხელ მაინც მსგავსი ტიპის განცხადება რუსეთის მიმართ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა და დღემდე ოკუპირებულია, რატომ არ გაქვთ მათ მიმართ ასეთი რიტორიკა?“
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, აქ რაღაცაზე საუბარს აზრი არ აქვს მანამ, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული ექნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას არ მოვისმენთ მათი მხრიდან.
მისივე თქმით, მეორე მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ჩვეულებრივი კოლონიალისტური სტილის განცხადებები კეთდება.
„კეთდება ცინიკური განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლებას ემიჯნებიან და ქართველ ხალხზე საუბრობენ. ტიპური კოლონიალისტური განცხადება, რომ ქართველ ხალხს ეხმარებიან და ქართველ ხალხს გვერდში უდგანან, ხელისუფლებას არა. ეს არის ჩვეულებრივი კოლონიალისტური სტილის განცხადება.
იმ სივრცეში, საითკენაც ჩვენ ვისწრაფვით, როდესაც ამ სივრცეში ვხედავთ ასეთ ცივილიზაციურ უკუსვლას, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ხმამაღალი ვართ იმიტომ, რომ აქ გვინდა ჩვენ ყოფნა. ჩვენ თუ ევროკავშირში მივედით და დაგვხვდა იქ საბჭოთა კავშირი, ეს არ გვინდა. ამიტომ, დროზე არის საჭირო რეაგირებაც, განცხადებაც, მკაცრი განცხადებებიც. ბოლოს, ჩვენ ვპასუხობთ, რამდენჯერაც არის ხოლმე უსამართლო თავდასხმა საქართველოზე, ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ. ჩვენი მხრიდან განცხადებების ინიციირება არ ხდება. ეს არის თავდასხმა მათი მხრიდან და ეს არის ჩვენი პასუხი. აბა რა ჰგონია, გამოვა ბატონი ჰერჩინსკი, როგორც გუშინ დამრიგებლური ტონით გვესაუბრა, თითქოს ჩვენ საბჭოთა კავშირში ვიყოთ და ის იყოს ცეკას მეორე მდივანი, მოსკოვიდან დანიშნული, რომელმაც აქ „ნატაციები“ უნდა გვიკითხოს და ჭკუა უნდა გვარიგოს, ამას არ მიიღებს არც ჩვენი ხალხი და არც ჩვენი დამოუკიდებლობის ღირსება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





