ვატო შაქარიშვილი: ახალი მულტიპორალური წესრიგი, რომელიც ჩვენს თვალწინ ყალიბდება, საერთო ჯამში გვკარნახობს ყველაზე ოპტიმალურ გზას - ნეიტრალიტეტს! გვჯერა, რომ დღევანდელი ფორუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ იდეის რეალიზაციის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი
ფოტო: ერთიანი ნეიტრალური საქართველო
ახალი მულტიპორალური წესრიგი, რომელიც ჩვენს თვალწინ ყალიბდება, საერთო ჯამში გვკარნახობს ყველაზე ოპტიმალურ გზას - ნეიტრალიტეტს! გვჯერა, რომ დღევანდელი ფორუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ იდეის რეალიზაციის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმზე, რომელიც პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოსა“ და „ნეიტრალიტეტის კვლევების“ ორგანიზებით გაიმართა.
შაქარიშვილმა საქართველოს ნეიტრალური სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მულტიპოლარული სამყაროს ფორმირებისას კი, ნეიტრალიტეტი კიდევ უფრო აქტუალური და მიღწევადი ხდება.
„მოხარული ვარ რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ პირველ საერთაშორისო ფორუმს, რომელიც ეძღვნება ნეიტრალიტეტს, ფორუმს რომელიც ქმნის პლატფორმას საქართველოს საგარეო ორიენტირის შესახებ წარიმართოს აკადემიური მსჯელობა, დაფუძნებული რეალ-პოლიტიკაზე და არა ილუზიებზე.
ჩვენი პარტიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ქართულ პოლიტიკაში თვისებრივად ახალი დისკურსის შემოტანა იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენ ეს მოვახერხეთ და დღევანდელი ფორუმიც ამის დასტურია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არამხოლოდ ჩვენი პარტიის, არამედ ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის საკითხი მოხვდეს გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგში - დიდი მოთამაშეების მოლაპარაკების მაგიდაზე.
მსოფლიო ისტორიას ახსოვს გარდამტეხი მომენტები, რომლებიც გეოპოლიტიკურ ვითარებას ათწლეულების ვადით განსაზღვრავდნენ - ვერსალის კონფერენცია, ვენის კონგრესი, იალტის კონფერენცია თუ სხვა, დღევანდელი რეალობაც მოასწავებს, რომ ვუახლოვდებით ანალოგიურ მომენტს. ყველას გვესმის, რომ უკრაინის ომის დასრულება ვერ მოხდება მხოლოდ ტერიტორიული საკითხის განხილვის შედეგად, არამედ მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე შეთანხმება - სწორედ ამ დიდი შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს საქართველოს ნეიტრალური სტატუსი.
საქართველო ბუნებრივად არის დამაკავშირებელი სივრცე დიდ სახელმწიფოებს და პოლუსებს შორის, შესაბამისად რაც ბუნებრივია სწორედ ის უნდა ვაქციოთ სახელმწიფოს გრძელვადიან სტრატეგიად. ჩვენ საქართველოს ვხედავთ არა როგორც ჩრდილოეთსა და სამხრეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირების არეალად, არამედ მათ შორის ინტერესთა თანხვედრის ადგილად, რის შესაძლებლობასაც მხოლოდ ნეიტრალიტეტი ქმნის. მულტიპოლარული სამყაროს ფორმირებისას კი, ნეიტრალიტეტი კიდევ უფრო აქტუალური და მიღწევადი ხდება, რადგან დღეს არც ერთ რეგიონულ თუ გლობალურ ძალას გავლენის თვალსაზრისით არ გააჩნია ექსკლუზივი სამხრეთ კავკასიაში.
ვხედავთ, რომ იზრდება ჩინეთის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში და მისი ეკონომიკური ინტერესები ჩვენს რეგიონში, ასე რომ სწორედ ძალთა ბალანსის ამ რეალობაში ნეიტრალიტეტი ყალიბდება, როგორც ყველაზე რეალისტური და ოპტიმალური გზა საქართველოსთვის. წარსულის გადმონაშთი და აბსოლუტური ილუზიაა, რომ ნატო და ევროკავშირი საქართველოსთვის უსაფრთხოების და განვითარების შესაძლებლობას ქმნის - ევრო-ატლანტიზმი დღეს უსაფრთხოების გარანტია კი არა, უკვე დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის. იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფო მუდმივად დარჩენილიყო უტოპიური საგარეო პრიორიტეტების ტყვეობაში, წლების განმავლობაში ქვეყნის გარედან დაფინანსებული პროპაგანდა მიზანმიმართულად აზიანებდა ნეიტრალიტეტის იდეას ადა ხელოვნურად იქმნებოდა ყალბი აღქმა თითქოს ნეიტრალიტეტი ეს მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოების ფუფუნებაა, რეალურად არის პირიქით - სიმდიდრე და კეთილდღეობა ნეიტრალიტეტის თანმხლებია!
ნეიტრალიტეტი არამხოლოდ სამხედრო მიუმხრომლობის, არამედ ეკონომიკური განვითარების კონცეფციაა, ის არა მხოლოდ გვიცავს სხვის ომში მხარედ გადაქცევისგან, არამედ ამავდროულად ქმნის კეთილდღეობის სახელმწიფოს მშენებლობის მყარ საფუძველს. საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა, ქართული ხასიათი, ჩვენი ქვეყნის ისტორიული ფუნქცია და ახალი მულტიპორალური წესრიგი, რომელიც ჩვენს თვალწინ ყალიბდება, საერთო ჯამში გვკარნახობს ყველაზე ოპტიმალურ გზას - ნეიტრალიტეტს! გვჯერა, რომ დღევანდელი ფორუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ იდეის რეალიზაციის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ფორუმის მთავარი სლოგანი არ არის მხოლოდ სიტყვები ეს არის ჩვენი ხედვა და შეთავაზება დანარჩენი მსოფლიოს წინაშე - საქართველო: მშვიდობის და თანამშრომლობის პლატფორმა!", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.





