არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში გამოხატულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა „ქართული ოცნების“ პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა
პოლიტიკა

ფოტო: „ქართული ოცნება“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირას გამართულმა საჯარო სხდომებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა, - ამის შესახებ დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში გამოხტულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა „ქართული ოცნების“ პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირას გამართულმა საჯარო სხდომებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა. მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში დაფიქსირებულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა.
სასამართლოში გამართული საჯარო სხდომებით:
1) დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ ემიჯნებიან 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმის მიერ ადამიანის სისტემური და სისტემატური წამების, ძალადობის, რეკეტის, პირადი ცხოვრების ფეხქვეშ გათელვის დანაშაულებს. არცერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ არ ისარგებლა შესაძლებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მაინც გამიჯვნოდა ამ დანაშაულებს.
უფრო მეტიც, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გაერთიანებულმა ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ სასამართლოს სხდომაზე კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოში მოქმედი რეჟიმი საუკეთესო ხელისუფლება იყო საქართველოს ისტორიაში და ეამაყება კიდეც იმ რეჟიმის მთავრობის შემადგენლობაში ყოფნა.
2) დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიებისთვის ადამიანის უფლებებს არავითარი ღირებულება არ აქვს.
რაც, მათ შორის, დადასტურდა იმით, რომ სასამართლოში მიმდინარე საჯარო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაკითხულ იმ პირთა ჩვენებებს, რომლებიც 2012 წლამდე ნაცრეჟიმის მიერ სისტემური და სისტემატური წამების, დატერორების, ძალადობისა და რეკეტის მსხვერპლნი იყვნენ, კომიკური უწოდა, რაც ყოვლად აღმაშფოთებელია.
3) დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არათუ არ ემიჯნებიან ძალადობრივი აქციების დროს ჩადენილ ძალადობას, არამედ მხარს უჭერენ მას. არცერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ არ ისარგებლა შესაძლებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მაინც გამიჯვნოდა ამ ძალადობებს.
უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ ძალადობრივი აქციების დროს საქართველოს პარლამენტის შენობისთვის მოლოტოვის კოქტეილების მსროლელ და პარლამენტის შენობის დაწვის, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობის ჩამდენ პირებს, ასევე 4 ოქტომბრის ძალადობის ჩამდენ პირებს „უკანონო პატიმრები“ უწოდა.
აღნიშნული განსაკუთრებით გამაოგნებელია იმის ფონზე, რომ 4 ოქტომბრის ძალადობის ჩამდენმა პირებმა სულ ცოტა ხნის წინ თავად აღიარეს ძალადობრივი დანაშაულების ჩადენა.
4) დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები უგულებელყოფენ იმ უმთავრეს კონსტიტუციური პრინციპს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
კერძოდ, არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ აღიარებენ ქართველის ხალხის არჩევანს, რომელიც მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა. დადასტურდა, რომ არაკონსტიტუციური პარტიები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე და ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი ნების სრული უგულებელყოფით, ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე უსამართლოდ მოხდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია. მეტიც, მთელი კვირის განმავლობაში კვლავ მოიხსენიებენ კონსტიტუციურ ორგანოებს არალეგიტიმურად და ცდილობენ სამართლებრივი სახელმწიფოს უგულებყოფას.
5) დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც აგრძელებენ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას.
კერძოდ, არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ ემიჯნებიან და ამართლებენ 2024 წლის 18 ნოემბრის წერილს, რომელიც მათ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გაუგზავნეს.
გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ამ წერილით ეს არაკონსტიტუციური პარტიები ევროკავშირისგან ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას საჯაროდ ითხოვდნენ, მათ შორის, საჯაროდ ითხოვდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულიყო და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილიყო.
6) ასევე, დადასტურდა, რომ არაკონსტიტუციური პარტიები რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას ცდილობდნენ.
კერძოდ, სასამართლოს საჯარო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ქართველი მოხალისეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით ფრენების მოთხოვნა ვერანაირად ვერ ჩაითვლება კონფლიქტის მხარედ ქცევის უშუალო რისკად.
7) დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ სრული სიცრუე იყო არაკონსტიტუციური პარტიების მიერ წინა დღეებში იმ აღქმის შექმნის მცდელობა, რომ თითქოს სარჩელი დაუსაბუთებელია და მათ მათთვის წარდგენილი ბრალდებები ვერ გაიგეს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ თავად აღიარა, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები ახალი არ არის და ეს ფაქტები ყველასთვის ცნობილია.
დიახ, ნამდვილად. ვეთანხმებით მოპასუხეებს. ფაქტები არ არის ახალი და ეს ფაქტები ყველასთვის ცნობილია.
8) დღევანდელ სხდომაზე დადასტურდა, რომ სრული სიცრუე იყო წინა სხდომებზე მოპასუხეთა მტკიცება იმის შესახებ, რომ სარჩელი თითქოსდა არავითარ მტკცებულებებს არ ეყრდნობა. წინა დღეებში მოსარჩელეები ურცხვად მანიპულირებდნენ იმაზე, რომ სარჩელში დანართად მხოლოდ 4 დოკუმენტი იყო წარმოდგენილი.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ შუამდგომლობის დაყენების დროს, არაკონსტიტუციურ პარტიებს თავად მოუწიათ იმის აღიარება, რომ რეალურად უშუალოდ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად 100-ზე მეტი წყარო არის მითითებული; მითითებულია როგორც წერილობითი ასევე ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც მათ არაკონსტიტუციურ ქმედებებს დეტალაურად ასახავს.
აღნიშნული კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს იმას, რომ არაკონსტიტუციური პარტიები ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცრუ აღქმების დამკვიდრებას ცდილობენ, რაც, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ არ გამოუვათ.
9) მიმდინარე საჯარო სასამართლო სხდომებზე დადასტურდა, რომ სრული სიცრუე იყო არაკონსტიტუციური პარტიების მიერ წლების განმავლობაში ნაწარმოები კამპანია იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი საქართველომ შეაჩერა 2024 წლის ოქტომბრის თვეში.
მიმდინარე სასამართლო სხდომებზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ აღიარა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისის თვეში.
10) ამ კვირის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიები იმას კი არ ამტკიცებდნენ თუ რატომ არ არიან ისინი არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდნენ.
ამით მათ ფაქტობრივად აღიარეს სარჩელში მოყვანილი ფაქტები, დაადასტურეს, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტების გასაბათილებლად არგუმენტები და მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. ამით მათ ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ ისინი არაკონსტიტუციურნი არიან.
11) ასევე, თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას. თავადვე დაადასტურეს, რომ ყველა პარტიას დასაბუთებულად ვედავებით „ყველაფრის დარღვევას“ - ეს მათივე სიტყვებია.
ჩვენი გუნდის პოზიცია არის მკაფიო: ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია. ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი სარჩელი. ჩვენ თანმიმდევრულად დავიცავთ ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგსა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებას - თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.




