ირაკლი ქადაგიშვილი „ალდეს“ განცხადებაზე: ეს არის კორპორაციული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ეს არის კორპორაციული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს, - ასე შეაფასა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ალდეს“ განცხადება, რომლითაც „ალდე“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გმობს.
„პარტიები, რომლებიც ყველა შემთხვევაში არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე, ვერასდროს ვერ ჩაითვლებიან დემოკრატიის და თუ გნებავთ, ლიბერალური დემოკრატიის ფლაგმანებად. უბრალოდ, არიან დანაყოფები, რომლებიც იბრძვიან ხელისუფლებისათვის და იმ მიზნებისათვის, მათ შორის, რაც „ალდეს“ აქვს და არა იმ მიზნებისათვის, რომელსაც საქართველო და ზოგადად, დემოკრატია ითხოვს. ამიტომ ეს არის კორპორაციული მხარდაჭერა, რომელსაც დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა: „არაკონსტიტუციური ხუთიანი არის სინამდვილეში ერთი პოლიტიკური პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, ამას ჰქვია მეხუთე კოლონა. როდესაც ასეთ პოლიტიკურ სუბიექტს ესარჩლებიან ქვეყნის გარედან, ეს მეტყველებს თავისთავად იმ მხარეზე, რომელიც არის ამ გამოსარჩლების ავტორი“.
„ალდეს“ განცხადებას დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. „ALDE დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე. სანამ ALDE არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით ALDE-ს ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.




