თინათინ ნიბლოშვილმა 2025–2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა
პოლიტიკა

თინათინ ნიბლოშვილი
ფოტო: თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბავშვთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა 2025–2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
საანგარიშო პერიოდში მისი საქმიანობის ძირითად საკითხებს ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო და აკადემიური ინიციატივების მხარდაჭერა, ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა მუნიციპალური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.
ანგარიშის გაცნობისას თინათინ ნიბლოშვილმა მიმოიხილა საერთაშორისო და დიასპორული ურთიერთობების გაძლიერების მხრივ გაწეული საქმიანობა. მან ყურადღება გაამახვილა 2025 წელს თბილისის საკრებულოს დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ სამუშაო ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც, ორჰანგაზის კავკასიურ-ქართული ასოციაციის ცენტრის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
საგანმანათლებლო და აკადემიური თანამშრომლობის კუთხით აღინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თსუ-ს ქალთა საზოგადოებასთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტები, მათ შორის, ღონისძიება „ქალები მეცნიერებაში – თსუ-ს მემკვიდრეობა“.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ილაპარაკა დედაქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხარდასაჭერად გაწეულ საქმიანობაზე. ამ კონტექსტში მან მიმოიხილა საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს აქტიური ჩართულობით გამართული შეხვედრები და ერთობლივი ღონისძიებები.
საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს დასაქმების ხელშეწყობა და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. ამ მიზნით სამუშაო შეხვედრები გაიმართა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ განმახორციელებელი პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან.
თინათინ ნიბლოშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქალთა გაძლიერებისა და მათი უფლებების დაცვის საკითხებს. მან ილაპარაკა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ძალადობის პრევენციისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებულ ინიციატივებზე.
ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, მათ შორის, მუნიციპალური სკრინინგის პროგრამების პოპულარიზაციასა და დაავადებათა ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისკენ მიმართულ კამპანიებს.
თინათინ ნიბლოშვილმა ასევე მიმოიხილა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიებში გაწეული საქმიანობა.
ღონისძიების დასასრულს, თინათინ ნიბლოშვილმა წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.





