ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: დაკავშირებადობა ძალიან უნდათ, მაგრამ რატომღაც ვერ ხვდებიან, რომ შავი ზღვის ერთ მხარეს თუ ბულგარეთი და რუმინეთია, მეორე მხარეს საქართველოა. იწყებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებით და შავ ზღვამდე რომ მივიდნენ, ჯერ საქართველოს ტერიტორია უნდა გაიარონ
პოლიტიკა

რაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საუბარი დაიწყო, არც ერთხელ არ მოგვისმენია ევროკავშირისგან პოზიტიური დამოკიდებულება, — განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, ევროკავშირს მთლიანად ყველაფერი განმსჭვალული ჰქონდა ერთი პოლიტიკური მიზნით — მოიყვანონ აქ ხელისუფლებაში სწორედ ის პარტიები, რომლებიც მათი ყველა დავალების შემსრულებლები იქნებიან.
„მე გამიჭირდება ზუსტი პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ბრიუსელი. ობიექტურად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ბრიუსელი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. იმ დაბრმავებამ პოლიტიკური თვალისა, რაც მათ საქართველოსთან მიმართებით გააკეთეს, უმდაბლეს დონეზე დაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ამის იქით სადღა უნდა წავიდნენ, რა უნდა გააკეთონ?! გადავიდეთ ხალხის დასჯაზე?! ხალხს ეტყვიან, რომ ერთი პატარა მონაპოვარი, რაც ამ ხნის განმავლობაში რეალურად შედგა, რომ უვიზოდ შეგვიძლია მისვლა-მოსვლა და საელჩოში, საკონსულოში რიგში არ უნდა იდგეთ, ამასაც წაგართმევთ?! ანუ, არსენალი თვითონ შეიზღუდეს მათ საქართველოსთან ურთიერთობისა და მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საუბარი დაიწყო, არც ერთხელ არ მოგვისმენია მათგან ჩვენ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება. მთლიანად ყველაფერი განმსჭვალული ჰქონდათ ერთი პოლიტიკური მიზნით — მოიყვანონ აქ ხელისუფლებაში სწორედ ის პარტიები, რომლებიც მათი ყველა დავალების შემსრულებლები იქნებიან. აი, ამ ანტიდემოკრატიულ მიზანს შესწირეს ყველაფერი — ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დაკავშირებადობა ძალიან უნდათ, მაგრამ რატომღაც ვერ ხვდებიან, რომ შავი ზღვის ერთ მხარეს თუ ბულგარეთი და რუმინეთია, მეორე მხარეს საქართველოა და იწყებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებით, რომლებმაც შავ ზღვამდე რომ მივიდნენ, ჯერ საქართველოს ტერიტორია უნდა გაიარონ“, — აღნიშნა ქადაგიშვილმა.





