გიორგი პატარიძე სტუდენტ ლაზარე ქარჩხაძის განცხადების პასუხად ამბობს, რომ ის საკუთარ თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის დღესაც მადლობას უხდის, პაატა სალია კი აცხადებს, რომ ამაყობს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა უფლებების დაცვით
პოლიტიკა

ვიდეო/კადრი
დღესაც გავუმეორებ მადლობას ჩემს თანამშრომლებს, მადლობა მათ გაწეული შრომისთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მას შემდეგ, რაც მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა, სტუდენტმა ლაზარე ქარჩხაძემ, პატიმარ დავითაძის საქმის პარალელურად, პატარიძის მიერ საკუთარი თანამშრომლებისთვის გადახდილ მადლობაზე ილაპარაკა.
„მე ჩემს კომენტარში ვუხდი მათ მადლობას და იქვე აღვნიშნავ, რომ ამ ეტაპისთვის არათუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ადგილი არ ჰქონია შენიშვის მიღებასაც-მეთქი. თქვენ გამოძიებას არ ენდობით და თქვენთან პოლემიკაში შემოსვლა გამიჭირდება“, - მიმართა პატარიძემ ქარჩხაძეს.
იმავე საკითხს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი და აღნიშნა, რომ დავითაძის ოჯახს, რომელიც გამოძიებას არ ენდობა, აქვს უფლება, მიმართოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ სტრუქტურებს.
„ვინც არ ენდობა გამოძიებას საქართველოში, ამ შემთხვევაში ოჯახი, მათ უფლება აქვთ და აპირებენ მიმართონ იმ ღონისძიებებს, რომელიც არის ქვეყნის გარეთ ანუ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. დაველოდოთ, მე იმედი მაქვს, როგორც მინიმუმი, რომ არანაირი ბრალდება პენიტენციური სისტემის მიმართ არ დადასტურდება. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ რეიტინგებს, რამდენად მაღალია საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ, ამის შეფასება გაკეთებული აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, შეგიძლიათ შეადაროთ სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს. თქვენ ზოგადად დაიწყეთ ლაპარაკი, რომ ერთი დაუდასტურებელი შემთხვევის გამო 10-15 თანამშრომელი უნდა გაგვეშვა სამსახურიდან. ეს არის მაღალი უსაფრთხოების დაწესებულება. იქ ადამიანები იხდიან სასჯელს. პენიტენციური დაწესებულება ის ადგილი არ არის, სადაც დანაშაულის რომანტიზება ხდება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დაცულია თითოეული პატიმრის უფლება“, - განაცხადა პაატა სალიამ.





