გიორგი ვოლსკი: ჩვენ ვამბობთ, რომ კარგი იქნება, რუსეთი დემოკრატიულ საწყისებზე გადავიდეს და თავი დაგვანებოს, მაგრამ ამ გლობალური ამოცანის შესაწირად ჩვენ არ უნდა მიგვიტანონ
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ ვამბობთ, რომ კარგი იქნება დემოკრატიულ საწყისებზე გადავიდეს რუსეთი და ჩვენ თავი დაგვანებოს, მაგრამ ამ გლობალური ამოცანის შესაწირად ჩვენ არ უნდა მიგვიტანონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს გარშემო განვითარებული პროცესები 2008 წლის მოვლენებს აგონებს, როდესაც საერთაშორისო ძალების მონაწილეობით რუსეთის გარშემო დემოკრატიული სარტყლის შექმნა იგეგმებოდა, თუმცა პროცესები მოულოდნელად შეიცვალა და რუსეთმაც საკუთარი სტრატეგია გადააწყო. ვოლსკის შეფასებით, ამ გლობალური ამოცანის განხორციელებისას საქართველოს ინტერესები არავის გაუთვალისწინებია.
„არ წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი უკანაა. თუნდაც რუსეთის საკითხი ავიღოთ, რაც ახლა მოხდა ზურაბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის საუბარში. 2008 წლის ანალოგი მაგონდება. ყველაფერი გამჟღავნებულია. 2008 წელს ის ამოცანა ღიად იყო გაცხადებული, რომ რუსეთის გარშემო უნდა შექმნილიყო დემოკრატიული სარტყელი, რომელიც მას მოუჭერდა და ისეთ მდგომარეობაში ჩააყენებდა, რომ ჩაიჩოქებდა.
ჩვენ ვამბობთ, რომ კარგი იქნება, რუსეთი დემოკრატიულ საწყისებზე გადავიდეს და თავი დაგვანებოს, მაგრამ ამ გლობალური ამოცანის შესაწირად ჩვენ არ უნდა მიგვიტანონ.
2006 წლამდე ინტენსიურად ვმუშაობდი ამ თემაზე. მთელი მსოფლიო — ამერიკა, ევროპა — ყველა ჩართული იყო, რომ შექმნილიყო მოლაპარაკების ფორმატი. შეიქმნა. მივაღწიეთ შეთანხმებას, ფული გამოიყო, ეკონომიკური პროექტების განხორციელება დაიწყო. დაიწყო მისვლა-მოსვლა, მაგრამ ეს უცებ შეიცვალა, სხვა მიმართულებით წავიდა და რუსეთმაც თავისი ჭადრაკის პარტია გადაალაგა, მაგრამ იმაზე, რომ საქართველოსთვის რამე არ დაეშავებინათ, არავის უფიქრია“, — აღნიშნა ვოლსკიმ.
მან ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს შორის ომის დაწყების საკითხზე.
„ეს პრიმიტიული შეკითხვა — ვინ დაიწყო ომი?! როცა შემოიჭრება, ოკუპანტია, რასაკვირველია, მაგრამ რეალურად, საქართველომ დაიწყო ომი — ამის თქმა ძნელია. ამაზე ხელის მოწერა არ უნდა მომხდარიყო, ეს მოღალატეობაა, მაგრამ რეალურად, სააკაშვილს არასდროს უთქვამს, რუსეთს ვუპირისპირდებიო. თქვა, რომ ცხინვალში უნდა აღვადგინო კონსტიტუციური წეს-წყობილებაო.
ნახეთ, რა ხდება: ამას ამბობს, იწყებს, ვერავინ ბედავს თქვას, რომ საქართველომ დაიწყო, მაგრამ რუსეთი, რომელიც ორი თვის განმავლობაში ატარებდა სწავლებებს და შემოსასვლელად ემზადებოდა, ეს იყო სიგნალი.
ასე რომ, ეს პრიმიტივიზმი — იმან დაიწყო თუ ამან — ფერმკრთალდება ამ კონსპირაციაში, რაც ახლახან სააკაშვილმა ისევ გამოაცხადა, რომ მე რუსეთის კაცი ვარო. თუ რამე გაგიჭირდათ რუსეთთან, მე ვარ აქო“, — განაცხადა ვოლსკიმ.





