აკაკი ალადაშვილი: ისე უმოწყალოდ არბევენ და ძალადობენ პოლიციელები, სამართალდამცველი ორგანოები საფრანგეთში ამ ბავშვებზე, რომ ასეთი რამის მოფიქრება და ნახვა ფილმის სცენარშიც, სიუჟეტშიც რთული იქნება
პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ისე უმოწყალოდ არბევენ და ძალადობენ პოლიციელები, სამართალდამცველი ორგანოები საფრანგეთში ამ ბავშვებზე, რომ ასეთი რამის მოფიქრება და ნახვა ფილმის სცენარშიც, სიუჟეტშიც რთული იქნება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა საფრანგეთში, აქციების დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
მან საფრანგეთში სამართალდამცველების მხრიდან გამოხატული ძალადობის შემთხვევები დაგმო და საქართველოში აქციის მონაწილეების მხრიდან გამოვლენილ ძალადობებზე ევრობიუროკრატების მიერ გაკეთებული განცხადებები გაიხსენა.
„ჩვენ ვნახეთ საქართველოში ძალადობის, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის სცენები, პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის, პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმის სცენა, პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და ამას ევრობიუროკრატებმა აზრის გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება უწოდეს. ისე უმოწყალოდ არბევენ და ძალადობენ პოლიციელები, სამართალდამცველი ორგანოები საფრანგეთში ამ ბავშვებზე, რომ ასეთი რამის მოფიქრება და ნახვა ფილმის სცენარშიც, სიუჟეტშიც რთული იქნება“, - განაცხადა ალადაშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთში ბოლო რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მიტინგები სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციებს სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. დემონსტრაციები პოლიციელებთან შეტაკებებით სრულდება. ვრცელდება კადრები, სადაც პოლიციელები აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალას იყენებენ. სააგენტო „როიტერსმა“ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებით გამოწვეული დაზიანებების 28 შემთხვევა დააფიქსირა. დაშავებულთა შორის არის 14 წლის მოზარდიც, რომელსაც ცრემლსადენი გაზის ყუმბარის მოხვედრის შედეგად ყბა დაუზიანდა, 15 წლის მოზარდმა კი ხელის მტევანი დაკარგა. ორ შემთხვევაში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ადამიანმა თვალი დაკარგა ან დაუზიანდა. პოლიციის საქმიანობის ზედამხედველი ორგანო 24 შემთხვევას იძიებს.





