იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ანა დოლიძე ირაკლი შენგელიას დაუპირისპირდა
პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ანა დოლიძესა და ირაკლი შენგელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რა დროსაც მას სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე გააწყვეტინეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ანა დოლიძემ კოლეგებს მიმართა, მიეცათ საშუალება საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის, რომ სიტყვა დაესრულებინა, რის შემდეგაც ირაკლი შენგელიამ ანა დოლიძეს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
„ჩვენ თქვენი წესებით არ ვითამაშებთ“, - განაცხადა შენგელიამ. ამის შემდეგ, დოლიძემ შენგელიას უპასუხა და აღნიშნა, რომ გამომსვლელს სიტყვა უნდა დაამთავრებინონ.
„მე არ სულ არ მჭირდება ჩემი წესებით თამაში, ითამაშეთ საერთო თანაბარი წესებით. ჩუმად ვიჯექი, სანამ მეოთხეჯერ არ გააწყვეტინეთ სიტყვა და მივმართე წესრიგის დასაცავად. გააწყვეტინებთ კიდევ ერთხელ, იგივე შედეგს მიიღებთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების პროექტების საჯაროობის საკითხს ითვალისწინებდა.
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სასამართლო სისტემაში გენდერული ბალანსის შესახებ მსჯელობენ. ქალი მოსამართლეებისთვის, რომლებსაც 1 წლამდე შვილი ჰყავთ, სამუშაო დატვირთვის შემცირება, პროექტებისა და გადაწყვეტილებების საჯაროობა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.



