ნიკოლოზ სამხარაძე: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - ეს გამონათქვამი მიესადაგება ევროკავშირს. თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს?
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - არის ასეთი გამონათქვამი და სწორედ ევროკავშირს მიესადაგება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკომისიის კვლევის შედეგების განხილვისას, რომლის თანახმად, ნდობის რეიტინგში საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა.
სამხარაძის თქმით, ერთი მხრივ, ევროკავშირი ატარებს კვლევას, რომლის მიხედვითაც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ნდობის ხარისხი მაღალია, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ მთავრობა ხალხის ნებას არ წარმოადგენს.
„თვითონვე აკეთებენ კვლევებს, თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ? - მეცნიერულად, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ დავუჯეროთ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს, რომლებიც მიმართულია იქით, რომ საქართველოში შეცვალონ ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეთოდოლოგიურად სწორ კვლევებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.





