საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს - მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი უმასპინძლებს. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. პრეზიდენტი აგრეთვე შეხვდება სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, დენისა საკოვას და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, რიხარდ რაშის.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები სლოვაკეთთან. რა თქმა უნდა, პოტენციალი ბევრად უფრო მეტია. გვექნება შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. იქნება შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე პრემიერთან, სადაც იქნება განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთში და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის პატივსაცემად, ბრატისლავის ციხე-სიმაგრეზე, საქართველოს დროშა გამოსახეს.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში ხვალ, 3 აპრილს დასრულდება.





