რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე: პოლიტიკური გრინჩები არიან, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს დღესასწაულები წაართვან
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის მიერ 26 მაისს აქციის დაანონსებას გამოეხმაურა. ამ თემაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და ოპონენტები „პოლიტიკურ გრინჩობაში“ დაადანაშაულა. მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას „ფანტაზიაშიც უჭირს“, ვინაიდან ერთი და იგივე სცენარით მოქმედებენ და გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით ქმნიან მოლოდინებს.
„ფაქტობრივად, ისინი არიან პოლიტიკური გრინჩები, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს წაართვან დღესასწაულები. ახალ წელს ახალი წლის წართმევა უნდათ, შობასა და აღდგომაზე - შობისა და აღდგომის, 26 მაისს, გვახსოვს, შარშანაც იგივე რიტორიკა ჰქონდათ და საბოლოო ჯამში ერთადერთი შედეგი, რასაც იღებენ, არის კიდევ უფრო გაუფასურებული, გაარაფრებული რეიტინგი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
მან ასევე შეაფასა ოპოზიციური ალიანსის გეგმა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართულ საზოგადოებას „ბუჩქებსა და ფანჩატურებში“ ემალება, მაგრამ საზღვარგარეთ „დიდ გულზე მოგზაურობს“. მისი შეფასებით, ეს ვიზიტები წარუმატებელია, რადგან საგარეო მიმართულებით შედეგების დასადებად მოსახლეობის მხარდაჭერაა საჭირო.
„თუ კოლექტიური ჯო უილსონები, იუკნევიჩიანეები ვინმე უჭერენ მხარს, ეს სინამდვილეში უარესია, იმიტომ რომ ასეთი ხალხის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიცია კიდევ უფრო საცოდავ და უბადრუკ დღეში ვარდება სინამდვილეში. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ უსამშობლოები წარმატებას ხედავენ არა საკუთარ ქვეყანაში, არამედ უცხოელ პატრონებთან“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.





