გიორგი სოსიაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მსოფლიოს ისტორიას თვალი რომ გადავავლოთ, ვერავინ გამახსენებს, რომ ქვეყანა ისჯებოდეს „გამჭირვალობის კანონისა“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ გამო
პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე ისაუბრა.
„თუკი რამ არსებობდა მათ არსენალში, რომ გამოეყენებინათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სიტუაციის ასარევად, ყველაფერი სცადეს. საქართველოში არსებული სიმშვიდე მათთვის მიუღებელია, არ აწყობთ და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ რაღაცებს იგონებენ.
მსოფლიოს ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, ვერავინ გამახსენებს, რომ ქვეყანა ისჯებოდეს „გამჭირვალობის კანონისა“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ გამო.
მათი მუქარის მიზეზი არის „გამჭირვალობის კანონი“, რომელმაც გამოააშკარავა ეს ხალხი, ამ კანონის მერე მოხდა ამ აგენტურის ჩამოშლა, ვინაიდან ევროპის სხვადასხვა რგოლში მოკალათებული ბიუროკრატები საკმარისად ხეირობდნენ. ამ აგენტურული ძალების მიერ დიდი თანხები მოედინებოდა და როგორც კი ეს აგენტურა გამოაშკარავდა, მას მერე მოსვენება დაკარგეს. ამის გამო ხდება მუდმივად სანქციებით მუქარა და ბულინგი. მინდა გითხრათ, რომ არაფერი გამოუვათ. ქართველ ხალხს თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრი სანქცია უნახავს, ბევრი დამპყრობელი ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, ბევრი რამისთვის გაგვიძლია“, - აღნიშნა სოსიაშვილმა,.
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.
ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.




