თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის შესაძლო დაკორექტირებაზე: ოპოზიციამ ალიანსის შექმნით დამატებითი მტკიცებულებები მოგვცა იმის, რომ ეს ერთი ორგანიზაციაა, არც არასდროს გაყოფილა და ერთი პატრონის ქვეშ მოქმედებს
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: ვიდეო/კადრი
ოპოზიციამ ალიანსის შექმნით დამატებითი მტკიცებულებები მოგვცა იმის, რომ ეს ერთი ორგანიზაციაა, არც არასდროს გაყოფილა და ერთი პატრონის ქვეშ მოქმედებს, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის შესაძლო დაკორექტირებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციამ ალიანსის შექმნით დაამტკიცა, რომ ისინი ცალ-ცალკე არასდროს ყოფილან და ყოველთვის ერთ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ.
„როდესაც მიმართავ სასამართლოს, უნდა გაითვალისწინო იურიდიული მხარე და იქ პოლიტიკურ მხარეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. როდესაც ამას არ ითვალისწინებდნენ რადიკალები და მიდიოდნენ სტრასბურგში, რით მთავრდებოდა ასეთი რაღაცები გახსოვთ - ყველა წააგეს. იმიტომ, რომ ის იურიდიულ ფაქტობრივ მასალას კი არ ეხმიანებოდა და ეფუძნებოდა, არამედ გამოგონილ ბრალდებებსა და პოლიტიკურ განცხადებებს.
პოლიტიკურად ყველამ ვიცოდით, რომ ეს ერთი ორგანიზაციაა და მათი პატრონების მითითებით ხან ასე გადანაწილდებოდნენ, ხან ისე გადმონაწილდებოდნენ და წარმოადგენდნენ თითქოს ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები იყვნენ. ახლა ისევ შეიკრიბნენ და დამატებითი მტკიცებულებები მოგვცეს იმის, რომ ეს ერთი ორგანიზაციაა, არც არასდროს გაყოფილან, ერთი პატრონის ქვეშ მოქმედებენ.
გვექნება შიდა კონსულტაციები იმ ადამიანებს, ვინც ხელი მოვაწერეთ შესაბამის სარჩელს და ამას მივცემთ იურიდიულ სახეს შესაბამისი მტკიცებულებებით“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: „ყველა ეს პარტია „ნაცმოძრაობის“ წიაღიდანაა წარმოშობილი. ალბათ მოგვიწევს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის კორექტირება, დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა“.





