ზვიად შალამბერიძე გივი თარგამაძეზე: არ შეიძლება ადამიანმა საკუთარ სამშობლოს ტერორიზმთან თანამშრომლობა დააბრალო და დარწმუნებული ვარ, მას ამ სიტყვებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს
პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გივი თარგამაძემ გადაფარა ყველა ის განცხადება, რაც ამ დღეების განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან იყო გაჟღერებული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.
შალამბერიძე დარწმუნებულია, რომ თარგამაძეს ბოდიშის მოხდა მოუწევს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.
„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასეთ მდგომარეობას იყენებს თავისი პოლიტიკური ქულების დასაწერად, არის სხვა ქვეყნის ჯაშუში. გივი თარგამაძემ გადაფარა ყველა ის განცხადება, რაც ამ დღეების განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან იყო გაჟღერებული. არ შეიძლება ადამიანმა საკუთარ სამშობლოს ტერორიზმთან თანამშრომლობა დააბრალო და დარწმუნებული ვარ, მას ამ სიტყვებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო გუშინ დატოვა - ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ერთ-ერთ მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
როგორც ცნობილია, გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.




