საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტს ასრულებს
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
საპარლამენტო დელეგაცია ამერიკაში ვიზიტს ასრულებს. 1 კვირის განმავლობაში ქართულ მხარეს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
დეპუტატები შეხვდნენ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებს, რომლებისგანაც მოისმინეს რა ხედვაა, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან, რუსეთ-უკრაინის ომთან და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში.
„ვაშინგტონში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკვე დასასრულს მიუახლოვდა. გვქონდა ძალიან ბევრი პოზიტიური შეხვედრა, სადაც გამოითქვა მზაობა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდეს ახალი სტრატეგიული შეთანხმება, რომელიც კონკრეტული შედეგებით და მიმართულებებით იქნება გამორჩეული. აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრა მიმდინარეობდა უაღრესად მეგობრულ და თბილ გარემოში.
ადამიანები, რომლებიც ჩვენ შეგვხვდნენ, მათ შორის სენატორები, კონგრესმენები სხვადასხვა „Think Tank“ წარმომადგენლები საკმაოდ კარგად ფლობდნენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, კარგად ესმოდათ ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ გვქონდა და იცნობდნენ იმ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას საქართველო. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია, იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ათვითცნობიერებენ საქართველოს მდგომარეობას და შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებას საქართველო-ამერიკის მომავალი ურთიერთობების შესახებ. საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო იმას, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ყველა შეხვედრაზე, როგორც ჩვენი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, აღინიშნა, რომ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებითი ერთობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია იმისა, რომ სათანადოდ მაღალ დონეზე განვითარდეს პოლიტიკური, ეკონომიკური, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობები, რაც მნიშვნელოვანია ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის. შეხვედრებზე ხაზი გაესვა იმ ეკონომიკურ პოტენციალს, რაც საქართველოს გააჩნია, ასევე იმ გეოსტრატეგიულ მდებარეობას, რომლითაც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გეოსტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, რაშიც აშშ-ს ინტერესები უდავოა. ეს კი ხელს შეუწყობს, ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა დელეგაციის წევრმა, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა.





