ბორის ჯონსონი: გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტდა, რომ ტელეკომპანიები - „იმედი“ და POSTV სიტუაციის შესახებ ტყუილებს ანთხევდნენ და სანქციების დაწესება მიზანშეწონილია
პოლიტიკა

ბორის ჯონსონი
ფოტო: Getty Images
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტზე კომენტარი გააკეთა. ბორის ჯონსონი გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს მიზანშეწონილად მიიჩნევს.
„ეს ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტდა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ და POSTV სიტუაციის შესახებ ტყუილებს ანთხევდნენ, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და სანქციების დაწესება მიზანშეწონილია“, - განაცხადა ჯონსონმა.
„იმედის კვირამ“ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი ქვეყნის მთავრობის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ დაწესებული სანქციების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის გამო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 40 წუთის განმავლობაში მას არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა.
დიდი ბრიტანეთის თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა“.





