გურამ მაჭარაშვილი: დასავლეთმა პირდაპირი თავდასხმა განახორციელა „პოსTV”-სა და „იმედზე“ - როგორც ჩანს, დიდ ბრიტანეთში იფიქრეს, რომ მათი ეს ნაბიჯი დასანქცირებულ მედიასაშუალებებში რღვევას მოახდენდა
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
დასავლეთმა პირდაპირი თავდასხმა განახორციელა „პოსTV”-სა და „იმედზე“. რატომ? რა იყო მათი მიზანი? როგორც ჩანს, დიდ ბრიტანეთში იფიქრეს, რომ მათი ეს ნაბიჯი დასანქცირებულ მედიასაშუალებებში რღვევას მოახდენდა, - განუცხადა „იმედის კვირას“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, უკვე მერამდენედ ვერ მიხვდნენ, რომ „ჩვენზე შეტევის ზრდა, უკურეაქციას იწვევს“. მან ასევე „BBC”-ის მიერ საქართველოზე დეზინფორმაციის გავრცელებაზეც ისაუბრა.
„დასავლეთმა პირდაპირი თავდასხმა განახორციელა „პოსTV”-სა და „იმედზე“. რატომ? რა იყო მათი მიზანი? როგორც ჩანს, დიდ ბრიტანეთში იფიქრეს, რომ მათი ეს ნაბიჯი მოახდენდა რღვევას დასანქცირებულ მედიასაშუალებებში, ჟურნალისტები გამოხატავდნენ პროტესტს და დაიწყებოდა დაპირისპირება. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო მათი ჩანაფიქრი. თუმცა, უკვე მერამდენედ ვერ მიხვდნენ, რომ ჩვენზე შეტევის ზრდა, უკურეაქციას იწვევს და ქართული მოსახლეობის იმუნიტეტი კიდევ უფრო იზრდება.
ჩვენ კარგად ვიცით, რა ზეწოლა მოდიოდა აქამდე დასავლეთიდან: კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია, დეზინფორმაცია. სულ ახლახან, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ჩართეს ერთ დროს ძალიან ავტორიტეტული, საერთაშორისო მედიასაშუალება „BBC” საქართველოზე დეზინფორმაციის გავრცელებაში. მათ ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქციის დაშლისას ქიმიური იარაღი გამოიყენა. თუმცა, ეს ტყუილი იმდენად მოკლე იყო, რომ მალევე თავად „BBC“-ს წყარომ უარყო ეს ინფორმაცია - მსგავსი რამ არ მითქვამსო“, - განაცხადა მაჭარაშვილი.





