რატი იონათამიშვილი: დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ ხდება
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარებას დადებითად აფასებს. მას მიაჩნია, რომ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში არგუმენტების გარეშე მიიღეს.
„დიდმა ბრიტანეთმა მოირგო იმ სპეცრაზმის როლი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და ამჯერადაც ეს ყველაფერი ხდება სინამდვილეში „ნაცების“ სასარგებლოდ. მაგრამ „ნაცების“ სასარგებლოდ საქართველოში წარმატება არაფერს ექნება, მით უმეტეს ასეთ უსამართლო ქმედებებზე. ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა დიდი ბრიტანეთის ელჩი. დარწმუნებული ვარ, არანაირი არგუმენტი არ ექნებათ, ვინაიდან ფაქტია - არგუმენტების გარეშე იღებენ ამ გადაწყვეტილებას და რა მიზნებიც აქვთ და რისთვისაც აკეთებენ ამ ყველაფერს, რასაკვირველია, ისევ უსაფუძვლო დარჩება“, - აცხადებს იონათამიშვილი.
საგარეო უწყებაში ელჩისგან ელოდებოდნენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი. დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, უკომენტაროდ დატოვა.





