შალვა პაპუაშვილი: საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილას ბრიტანეთის ელჩს დავიბარებდი
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილას ბრიტანეთის ელჩს დავიბარებდი, მაგრამ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტია, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ელჩის დაბარების მიზეზი რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გაკეთებული განცხადება უნდა გამხდარიყო.
„იმ განცხადების გამო [დავიბარებდი], გუშინ რაც წამოსცდა, რომ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებს. აი, ამის გამო დავიბარებდი. როცა ელჩი დადის კაბინეტ-კაბინეტ და ითხოვს: არ შემოიტანოთ იაფი ბენზინი, იყიდეთ ძვირად, მერე რა რომ გაძვირდება, ძვირი გადაიხადეთ - ეს ხომ სამარცხვინოა?! ფულს მოგვცემენ, რომ ეს სხვაობა ავანაზღაუროთ? თუ ეს ყველაფერი ესკალაციამდე რომ მივა აქ ბრიტანელი ჯარისკაცები დადგებიან? როგორც 1920 წელს გავიდნენ საქართველოდან და მიგვატოვეს რუსეთის არმიას, ასევე კაციშვილი ყურადღებას არ მოაქცევს საქართველოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





